ხათუნა სამნიძე ითხოვს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები პარლამენტმა აირჩიოს

„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებისთვის გამოცხადდეს კონკურსი და პარლამენტმა აირჩიოს ისინი“ – ასე მიმართა პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა ხათუნა სამნიძემ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას.

მისი თქმით, ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტით აღიარებულია.

„მართლმსაჯულების სისტემაში ცვლილება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მტკივნეული რეფორმაა, რომელის ვალდებულება ხელმოწერით არის აღიარებული შარლ მიშელის დოკუმენტით“,- განაცხადა ოპოზიციის  წარმომადგენელმა ხათუნა სამნიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით,  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები  პარლამენტმა უნდა  აირჩიოს.

„ეს გამოჩნდა 26 მაისსაც. მიუხედავად ძალიან მკაფიო და მკაცრი გზავნილებისა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან, მაინც გაგრძელდა დანიშვნები. შარლ მიშელის დოკუმენტშიც ასევე მკაფიოა ჩანაწერი, რომ უნდა შეჩერებულიყო დანიშვნები. ერთ-ერთი დაბრკოლება, რომელიც ჩვენ შეგვიძლია შევუქმნათ კლანს, ეს არის  იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ვაკანტური ადგილები არამოსამართლე წევრების. მინდა თავმჯდომარეს ვთხოვო, გამოცხადდეს კონკურსი. ისინი უნდა ავირჩიოთ ჩვენ, პარლამენტის წევრებმა“, – მიმართა ხათუნა სამნიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას.

მსგავსი თემები