“მოსამართლეების დანიშვნის წესთან დაკავშირებით შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებული პუნქტები არის შესრულებული” – მამუკა მდინარაძე

მოსამართლეების დანიშვნის წესთან დაკავშირებით შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებული პუნქტები არის შესრულებული და იყო პირობა, რომ ვიდრე არ შესრულდებოდა მანამდე არ უნდა განახლებულიყო და მართლაც ასე მოხდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ყველაფერი მიმდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის შესაბამისად.

„მინდა, კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ელჩის მიმართ უდიდესი პატივისცემა. კიდევ ერთხელ მადლობა ამ ადამიანს განსაკუთრებული, რომ მან მიიღო უმნიშვნელოვანესი წვლილი და მონაწილეობა შეიტანა შარლ მიშელის დოკუმენტის შემუშავებაში, შეთანხმებაში და ის იყო დოკუმენტი, რომელიც პრაქტიკულად ამ მოკლევადიან პერიოდში ჩვენ გვაქვს სახელმძღვანელოდ. ამ სახელმძღვანელო დოკუმენტში, შარლ მიშელის შეთანხმებაში წერია, რომ უნდა გაჩერებულიყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნა, ვიდრე არსებული წესი არ შეიცვლებოდა.

პარალელურად ამ შეთანხმებისა უკვე შეცვლილია არსებული წესი, ეს შეეხება როგორც მოსამართლეთა დანიშვნის და კენჭისყრის ღიაობას, ასევე დასაბუთებას, ქულათა სისტემას და ასევე იყო საუბარი ამ შეთანხმებაში, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად უნდა ყოფილიყო და ეს ყველაფერი გაწერილიყო ვენეციის კომისიაში. აქედან გამომდინარე, ეს პუნქტები, რაც გაწერილი იყო ვენეციის კომისიაში პრაქტიკულად პარალელურ რეჟიმში არის შესრულებული“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, იქ ეწერა ასევე, რომ არსებული წესის თანახმად, არ უნდა ყოფილიყო დანიშვნები და მას შემდეგ, რაც შეიცვალა, შეჩერდა ჩვენი შესაბამისი გადაწყვეტილებით მოსამართლეთა დანიშვნა, პრაქტიკულად გაიზიარა ეს პასუხისმგებლობა სასამართლომაც.

„მხოლოდ მას შემდეგ განახლდა, რაც ეს წესი უკვე დახვეწილი და შეტანილ იქნა კანონმდებლობაში. თქვენ იცით, რომ უკვე მას შემდეგ მიეცათ მოსამართლეობის მსურველებს საშუალება, რომ მიეღოთ მონაწილეობა, მართალია, სულ რამდენიმე კანდიდატმა შეიტანა, მაგრამ ეს საშუალება მათ მიეცათ. აქედან გამომდინარე, შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებული პუნქტები არის შესრულებული და ეს იყო პირობა, სანამ ეს არ შესრულდებოდა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, მანამდე არ უნდა განახლებულიყო და მართლაც ასე მოხდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ბუნებრივია, ვმოქმედებთ საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის შესაბამისად“, – განაცხადა მდინარაძემ.

მსგავსი თემები