აფხაზეთის უმაღლესი საბჭო მიესალმება გაეროს რეზოლუციას

აფხაზეთის უმაღლესი საბჭო ინფორმაციას ავრცელებს:

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს განცხადებას, რომელშიც უმაღლესი საბჭო მიესალმება გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 2021 წლის 16 ივნისს მიღებულ მორიგ რეზოლუციას „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“.

გაეროს 56 წევრი – სახელმწიფოს ინიციატივით კენჭისყრაზე გამოტანილ ამ მნიშვნელოვან დოკუმენტს ხმა მისცა 80 სახელმწიფომ, წინააღმდეგი იყო მხოლოდ 14 (70-მა თავი შეიკავა). როგორც მოსალოდნელი იყო, რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა რუსეთის ფედერაციამ.

როგორც უმაღლესი საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული: „უხეშად და პერმანენტულად არღვევს რა საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ ნორმებს, მოსკოვი უპირისპირდება ცივილიზებულ სამყაროს, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში გაეროს სახით აღიარებს აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან ყველა იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილის უფლებას – დაბრუნდეს საკუთარ სახლში; რეზოლუცია ხაზს უსვამს საქართველოს ამ ოკუპირებული რეგიონებიდან დევნილთა ქონებრივი უფლებების დაცვის აუცილებლობას. მადლობას მოვახსენებთ რა რეზოლუციის ინიციატორ და მხარდამჭერ სახელმწიფოებს, კატეგორიულად ვგმობთ რუსეთის პოლიტიკას, რომელიც აშკარად არის მიმართული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ანექსიისკენ, იქ არსებული უძრავი ქონების – ძირითადად, ეთნიკური წმენდა – გენოციდის მსხვერპლად ქცეულ ქართველთა საკუთრების ხელში ჩაგდებისკენ. აღნიშნული დანაშაულებრივი პოლიტიკა ღიადაა ასახული 2020 წლის 12 ნოემბერს მოსკოვის მიერ სოხუმისთვის თავსმოხვეულ სრულიად უკანონო დოკუმენტში – „პროგრამაში აფხაზეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის გზით რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ჩამოყალიბების შესახებ“. „პროგრამის“ რეალიზება ანუ აფხაზეთის ანექსიის, დევნილთა საკუთრების მითვისების პროცესი უკვე დაწყებულია. ეს იყო და არის რუსეთის მიერ გაეროს გენერალური ასამბლეის როგორც ადრინდელი, ისე ამა წლის 16 ნოემბრის რეზოლუციების უარყოფის მთავარი მიზეზი“- ნათქვამია განცხადებაში.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სანამ ჯერ კიდევ გვიანი არ არის,  უფრო მკაცრად დაგმოს რუსეთის ანექსიონისტური პოლიტიკა საქართველოს მიმართ, მტკიცედ დაიცვას საერთაშორისო სამართლით გარანტირებული დევნილთა ფუნდამენტური პოლიტიკური და ქონებრივი უფლებები, რომლებსაც მოსკოვი ცივილიზებული სამყაროს თვალწინ ღიად და თავხედურად ემუქრება,“ – ნათვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები