“მსოფლიოში, გასულ კვირაში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები 12%-ით შემცირდა” – ჯანმო

მსოფლიოში, გასული კვირის განმავლობაში, კოვიდ 19-ით ინფიცირების 2.6 მილიონამდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა კვირასთან შედარებით 12%-ით ნაკლებია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეულ ანგარიშშია აღნიშნული.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ახალი შემთხვევების რაოდენობამ აფრიკის რეგიონის გარდა ყველა რეგიონში იკლო.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, დაინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი – 630 650 შემთხვევა ინდოეთში დაფიქსირდა, რაც 31%-ით ნაკლებია ქვეყანაში წინა კვირაში გამოვლენილ შემთხვევებთან შედარებით, შემდეგ მოდის ბრაზილია 454 710 შემთხვევით, რაც წინა კვირაში გამოვლენილ შემთხვევების ანალოგიური მაჩვენებელია, მესამე ადგილზეა არგენტინა, 177 693 ახალი შემთხვევით, სადაც წინა კვირასთან შედარებით დაინფიცირების მაჩვენებელი 17 %-ითაა შემცირებული, მეოთხე და მეხუთე ადგილზე კი კოლუმბია ( 176 661 ახალი შემთხვევა) და შეერთებული შტატები (105 019 ახალი შემთხვევა) არიან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, გასული შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსს 72 000-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაც 2%-ით ნაკლებია წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით.

ამასთან, ორგანიზაციის ყოველკვირეულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ კორონავირუსის ახალი, ე.წ. „შემაშფოთებელი ვარიანტები“ მთელი მსოფლიოს მასშტაბით გავრცელებას აგრძელებენ. „ალფა“ ვარიანტი, რომელიც პირველად გაერთიანებულ სამეფოში გამოვლინდა და ამის გამო „ბრიტანულ ვარიანტად“ მოიხსენებენ, მსოფლიოს 172 ქვეყანაშია გამოვლენილი. „გამა“, ანუ ე.წ. „ბრაზილიური ვარიანტი“ – 68 ქვეყანაში.

რაც შეეხება „დელტა“ შტამს, რომელიც პირველად გასული წლის ოქტომბერში ინდოეთში გამოვლინდა და „ინდური ვარიანტის“ სახელითაა ცნობილი, უკვე მსოფლიოს 80 ქვეყანაშია დაფიქსირებული.

მსგავსი თემები