მცხეთასთან დამეგობრებულ ბრატისლავას დღესასწაულზე საქარველოდან დელეგაცია ესტუმრა

საქართველოს პარლამენტის წევრი და მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე მცხეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქის მერის ოფიციალური მიწვევით სლოვაკეთის ქალაქ ბრატისლავაში იმყოფებოდნენ. ქალაქი ბრატისლავა მცხეთასთან დაძმობილებული ქალაქია და მცხეთის წარმომადგენლობა წელს პირველად ეწვია სლოვაკეთს. მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად ბრატისლავას დღესასწაული მეგობარ ერს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ვიცე მერმა გივი გიუტაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თაზო ფოლოდაშვილმა და მერის წარმომადგენელმა ქალაქ მცხეთაში  ილია ჯიშკარიანმა მიულოცა.

როგორც დიმიტრი ხუნდაძემ ბრატისლავაში გამართულ ოფიციალურ ღონისძიებაზე  აღნიშნა, ქართველებმა ჭირშიც და ლხინშიც  თანადგომა იციან და შესაბამისად, ამ ორი ქალაქის დამეგობრება ხალხის მეგობრობის საფუძველიც უნდა გახდეს.

დიმიტრი ხუნდაძე: „მოგესალმებით ქალაქ ბრატისლავას მაცხოვრებლებს საქართველოს პარლამენტის და ქართველი ხალხის სახელით. გილოცავთ დღევანდელ დღეს, თქვენი  ქალაქის დღესასწაულს,  გისურვებთ მშვიდობას და ყოველივე საუკეთესოს. მოხარული ვარ რომ  დღეს ვიმყოფები თქვენს ულამაზეს  ქალაქ ბრატისლავაში, მოხარული ვარ იმით, რომ ჩვენი ქალაქები დაძმობილდნენ. ქალაქი მცხეთა არის ერთ-ერთი უძველესი ქალაქი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, მთელს მსოფლიოში. მას აქვს მრავალსაუკუნოვანი ისტორია. მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში დაფლულია მაცხოვრის კვართი, სწორედ ამიტომ მცხეთას მეორე იერუსალიმს უწოდებენ. ჩვენ ჩამოვედით თქვენთან, რათა გაგვეზიარებინა თქვენი სიხარული და  ბრატისლავას დღესასწაული თქვენთან ერთად გვეზეიმა. თუმცა, გამოგიტყდებით, რომ საქართველოსთვის ამ  მძიმე დღეებში ჩვენთვის რთული იყო საზეიმოდ ქვეყნიდან გასვლა. 25 წლის წინ საქართველოში წარმოებული ომის შედეგად, სწორედ დღევანდელ დღეს  დაეცა ქალაქი სოხუმი, დავკარგეთ ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე. მას შემდეგ საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია მეზობელი სახელმწიფოს მიერ. არ მსურს დღევანდელი დღე დაგიმძიმოთ, მაგრამ თქვენთან ამას იმიტომ ვამბობ, რომ გამიგებთ, არც თქვენი ისტორიაა მძიმე წარსულის გარეშე. მთელს მსოფლიოს ახსოვს 1968 წელი, მაგრამ ჩვენ ქართველებმა ჭირშიც და ლხინშიც  ვიცით თანადგომა და სწორედ ამიტომ ჩამოვედით დღეს თქვენთან. მეგობრობა და სიყვარული შეუძლებელსაც კი შესაძლებელს გახდის.  ჩვენი ქალაქების მეგობრობა საფუძველი უნდა გახდეს ჩვენს ხალხებს შორის მეგობრობის. კიდევ ერთხელ  გილოცავთ და გისურვებთ წარმატებებს  თქვენი ქალაქის და თქვენი ხალხის საკეთილდღეოდ“.

ბრატისლავას მერი და დელეგაციის სხვა წევრები, დიმიტრი ხუნდაძისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მოწვევით,  საქართველოს 14 ოქტომბერს, მცხეთობა-სვეტიცხოვლობას ესტუმრებიან.

მსგავსი თემები