მწერალი თამაზ ჭილაძე 87 წლის ასაკში გარდაიცვალა 

ცნობილი ქართველი მწერალი და დრამატურგი, თამაზ ჭილაძე, 87 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

ჭილაძე რუსთაველის, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი იყო. მის პიესებს სხვადასხვა თეატრში დგამდნენ რეჟისორები რობერტ სტურუა, თემურ ჩხეიძე, გიზო ჟორდანია, გიგა ლორთქიფანიძე და სხვები.

თამაზ ჭილაძის არაერთი ნაწარმოებია თარგმნილი უცხო ენაზე, მათ შორის: ფრანგულად, ინგლისურად, უკრაინულად, ესპანურად, იტალიურად, ჩეხურად, სლოვაკურად, სერბულად, უნგრულად, ბულგარულად, პოლონურად, თურქულად, სომხურად, ესტონურად, ლატვიურად, ლიტვურად.

მას უამრავი ჯილდო აქვს მიღებული. მის შემოქმედებას კარგად იცნობდნენ საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც.

თამაზ ჭილაძე დაიბადა 1931 წლის 5 მარტს, ქალაქ სიღნაღში. 1938 წელს შეიყვანეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სკოლაში. საშუალო სკოლა კი თბილისში დაამთავრა (ვაჟთა მე-7 სკოლა), შემდეგ სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, შემდეგ კი — ასპირანტურაში. პირველი ლექსი 15 წლის ასაკში დაწერა.

 

მსგავსი თემები