“23-ში ჩემი შვილის დაბადების დღეა და ან იქით მხარეს გადავალთ და ჩვენც ჩავბარდებით, ან ასე აღარ გავჩერდებით” – ზაზა გახელაძის დედა

23-ში ჩემი შვილის დაბადების დღეა და ან იქით მხარეს გადავალთ და ჩვენც ჩავბარდებით, ან ასე აღარ გავჩერდებით, – ამის შესახებ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის დედამ ნანა ბუნტურმა განაცხადა.

ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები გორის მუნიციპალიტეტში სოფელ ციცაგიანთკარში იმყოფებოდნენ, სადაც სასმელი წყლის სისტემის მოწყობის პროექტის გახსნის ცერემონიალს ეუთო-ს გენერალური მდივანი ჰელგა მარია შმიდი, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და იტალიის ელჩი საქართველოში ენრიკო ვალვო დაესწრნენ.

ნანა ბუნტური კელი დეგნანს და ჰელგა მარია შმიდს შეხვდა და როგორც მან აღნიშნა, ისინი დაპირდნენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კიდევ უფრო გააქტიურდებიან.

„შევხვდით ამერიკის ელჩს, ეუთო-ს გენერალურ მდივანს. დაგვპირდნენ, რომ დღემდეც, ყველანაირად ვცდილობთ და კიდევ უფრო გავაქტიურდებითო. გვითხრეს, რომ ხვალ ერგნეთის შეხვედრაზეც იქნებინ და უფრო მწვავედ დააყენებენ ამ საკითხს.

ჩვენც ვიქნებით ხვალ ერგნეთის შეხვედრაზე. დაველოდებით, იქნებ ჩვენს სასიკეთოდ რამე გადაწყდეს.

პირველივე დღიდან ჩემი შვილის გათავისუფლებას ვითხოვ. სხვა სათხოვარი არაფერი არ გვაქვს.

23-ში ჩემი შვილის დბადების დღეა და ან იქით მხარეს გადავალთ და ჩვენც ჩავბარდებით, ან ასე აღარ გავჩერდებით.

ირაკლი ღარიბაშვილი თვის ბოლომდე დაგვპირდა, მაგრამ მეორე თვის ნახევარია დღეს და შედეგი არაფერია“, – განაცხადა ბუნტურმა.

მისივე თქმით, თუ მისი შვილი არ გათავისუფლდება, საპროტესტო აქციებს დაიწყებენ.

აღნიშნულს გამოეხმაურა სახელმწიფო მინისტრი. თეა ახვლედიანმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალური კონსოლიდირებული ძალისხმევით იყენებს ყველა ბერკეტს, რათა მოგვარდეს უკანონო დაკავების აღნიშნული ფაქტები.

„ეს არის მიმდინარე პროცესი. ჩვენ გვაქვს საქმე საკმაოდ რთულ შემთხვევასთან. ჩვენ გვაქვს საქმე რუსულ ოკუპაციასთან, დესტრუქციულ მიდგომასთან.

გასულ წლებში ბევრად უფრო რთულ შემთვევებთან გვქონდა საქმე და დაგვიხსნია ჩვენი მოქალაქეები უკანონო პატიმრობიდან” , – განაცხადა ახვლედიანმა.

შეგახსენებთ, 33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს, კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს. დაკავებისას, ე.წ. მესაზღვრეებმა გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ფეხის არეში დაჭრეს, რის შემდეგაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.

5 თებერვალს, ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მსგავსი თემები