საპატრიარქოში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე, ბავშვთა სახლის დახურვის საკითხი არ დგას

ნინოწმინდის ბავშვთა სახლში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქოში, ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელისა და ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების მონაწილეობით გაფართოებული შეხვედრა გაიმართა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საპატრიარქოში განაცხადეს, ამ ეტაპზე, ბავშვთა სახლის დახურვის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

„საპატრიარქოს ინიციატივით შედგა დღევანდელი შეხვედრა. მოწვეულნი იყვნენ ევროკავშირის ელჩი, ჯანდაცვის სამინისტრო, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები, რომლებსაც ეხებათ ბავშვთა უფლებები – იუნისეფი, „ვორლდ ვიჟენი“. ჩვენ ვისაუბრეთ ბოლო დროს შექმნილ სირთულეებზე, რაც ნინოწმინდის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლთან იყო დაკავშირებული და არამხოლოდ ამ ბავშვთა სახლთან დაკავშირებით, არამედ ზოგადად პრინციპზე, რომელიც გულისხმობს, რომ თანამედროვე სტანდარტები უნდა იქნას გათვალისწინებული“ – განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.  

მისივე შეფასებით, ნინოწმინდის ბავშვთა თავშესაფრის დახურვის საკითხი არ დგას.

„ძალიან პოზიტიური იყო ეკლესიისთვის აქ გამართული დიალოგი და დისკუსია. მივაღწიეთ ერთსულოვნებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვთა საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იქნას ყველა საკითხი გადაწყვეტილი. ძალიან მნიშვნელოვანია, არ იყოს უტრირება ნებისმიერი პრობლემისა, ნებისმიერი გადაცდომისა, რომელიც შეიძლება ჩვენ შეგვხვდეს, მათ შორის, ბავშთა სახლთან დაკავშირებით. დახურვაზე არ არის საუბარი. საუბარი არის იმაზე, რომ დროთა განმავლობაში მოხდეს იმ სტანდარტებთან მოყვანა, რომელსაც გულისხმობს საერთაშორისო სტანდარტები“, – აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.

მსგავსი თემები