სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატებს დებატებში იწვევს

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატებს, გრიგოლ ვაშაძესა და დავით ბაქრაძე ღია დებატებში იწვევს, რათა უპასუხოს მის წინააღმდეგ მიმდინარე ნეგატიურ კამპანიას.

სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, წინასაარჩევნო კამპანია ქვეყანაში არაცივილური და უღირსი მეთოდებით მიმდინარეობს, რაც პირველ რიგში საქართველოს საერთაშორისო იმიჯს აზარალებს.

როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი აცხადებს, მთელს ამ ვითარებაში მისთვის ყველაზე მიუღებელია არა მის მიმართ გამოთქმული ბრალდებები და შეურაცხყოფა, არამედ ის, რომ მისი ოპონენტები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ქვეყნის მიმართ მის დამოკიდებულებას.

„ეს საარჩევნო კამპანია ვითარდება, როგორც არაევროპული, არაღირსეული, არაცივილური კამპანია. მისთვის დამახასიათებელია სიცრუე, სიყალბე, შავი პიარი, შეურაცხყოფა, ცილისწამება და, სამწუხაროდ, ეს ლახავს საქართველოს სურათს.
ყველაზე მიუღებელი ჩემთვის არის არა ის ბრალდებები და შეურაცხყოფები, რაც პერსონალურად ჩემს წინააღმდეგ არის წარმოთქმული, არამედ ის, რაც ეხება ჩემს დამოკიდებულებას ამ ქვეყნისადმი, რომელიც წარმოადგენს ჩემთვის ერთგვარ წითელ ხაზს. 
ამ პირობებში, ნებისმიერი ღირსეული ადამიანი არ დათანხმდებოდა და არ მიიღებდა მონაწილეობას დებატებში, წარმომადგენლებთან იმ შავი ძალისა, რომლებიც ამ ყველაფერზე მიდიან. მაგრამ ბევრი ვიფიქრე და იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოებას, ამომრჩეველსა და საარჩევნო ვითარებას პატივს ვცემ, გადავწყვიტე, ავიღო ინიციატივა და ვთქვა, რომ მე ამ შავი ძალის ორივე სახეს ვიწვევ დებატებში და ამ დებატებში მონაწილეობას ნეიტრალურ სივრცეში მივიღებ. მე დავაფიქსირებ ჩემს სიმართლეს, ჩემს პოზიციებს და ნათელი მოვფინოთ იმას, რაც ხდება დღეს ქვეყანაში”), – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.  

მსგავსი თემები