„მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში ფინანსთა მინისტრს მოუსმენენ

პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი “მინისტრის საათის” ფორმატში ქვეყნის ფინანსურ პოლიტიკაზე ისაუბრებს.

“მინისტრის საათის” პროცედურა პარლამენტის რეგლამენტით რეგულირდება.

მინისტრს ანგარიშის წარსადგენად 45 წუთი აქვს, რის შემდეგ პროცედურა დეპუტატების შეკითხვებს ითვალისწინებს.

მინისტრი, დეპუტატების შეკითხვებს 1-საათიანი შესვენების შემდეგ უპასუხებს.

დამაზუსტებელი კითხვა-პასუხის შემდეგ, საპარლამენტო ტრიბუნა 10 წუთიანი რეგლამენტით თანამომხსენებელს,  პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს დაეთმობა, ხოლო სხვა კომიტეტებისთვის 5-წუთიანი გამოსვლებია განსაზღვრული.

რეგლამენტით, პოზიციების დასაფიქსირებლად უფრაქციო პარლამენტის წევრებისთვის 3-წუთიანი გამოსვლებია გათვალისწინებული.

თუ ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული უფრაქციო პარლამენტის წევრები, თითოეული მათგანის გამოსვლისთვის გამოყოფილ დროს ერთმანეთს დაუთმობენ, მათი გამოსვლების ხანგრძლივობა ჯამში 15 წუთს არ უნდა აღემატებოდეს.

პარლამენტის წევრების გამოსვლების დასრულების შემდეგ, სიტყვით საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ფრაქციებისა და უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების წარმომადგენლების გამოსვლებია გათვალისწინებული. თითოეულ ფრაქციას იმდენი წუთი ეძლევა, პარლამენტის რამდენი წევრიც არის მასში გაერთიანებული, მაგრამ არანაკლებ 15 და არაუმეტეს 75 წუთისა.

მინისტრის  დასკვნითი სიტყვის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს.

პარლამენტის პლენარული სხდომა “მინისტრის საათის” დროს შეიძლება გაგრძელდეს საკითხის ამოწურვამდე.

მსგავსი თემები