თბილისში ტაქსის მომსახურებაზე უკვე 9500-ზე მეტი ნებართვა გასცეს

  •  

თბილისის მერია, მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელიც ტაქსების რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით, იუსტიციის სახლის მუშაობის შეფერხებას უკავშირდება განცხადებას ავრცელებს, სადაც განმარტავენ, რომ იუსტიციის სახლში მიმართვიანობის გაზრდა ტაქსების რეგისტრაციას არ უკავშირდება.

მერიის ინფორმაციით, იუსტიციის სახლში დღის განმავლობაში დაფიქსირებული ტაქსის რეგისტრაციის მსურველთა რაოდენობა, წინა დღეებში დაფიქსირებული რიცხვის თითქმის იდენტურია და მოთხოვნა არსებითად არ გაზრდილა. ამჟამად გაცემულია 9500-ზე მეტი ნებართვა.

როგორც იუსტიციის სახლში აცხადებენ, მიმდინარეობს მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების განმახორციელებელ პირთა საქმიანობის რეგისტრაცია. შესაბამისად, აღნიშნული მიზეზის გამო, ჭარბი მიმართვიანობა დაფიქსირდა არა მხოლოდ თბილისის, არამედ, სხვა ქალაქების იუსტიციის სახლებშიც.

რაც შეეხება ტაქსების რეგისტრაციას, პროცესი პირველი აგვისტოდან დაიწყო. ნებართვის აღება შესაძლებელია, როგორც ელექტრონული ფორმით, ისე თბილისის ათივე რაიონის გამგეობაში. 21 აგვისტოდან ნებართვის მიღება შესაძლებელი გახდა იუსტიციის სახლშიც.

აღნიშნული ინფორმაცია დედაქალაქის მერიამ არაერთხელ გაავრცელა, ტელეეთერებში გადიოდა შესაბამისი ვიდეორგოლები, ასევე, არაერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს დროული რეგისტრაციისკენ თბილისის მერმა.

აქვე გაცნობებთ, რომ აღნიშნული მომსახურების განხორციელების მსურველს ნებართვის აღება შეუძლია მომდევნო პერიოდშიც, თუმცა, ნებართვის მოპოვებამდე ტაქსებს 1 ოქტომბრიდან ეკრძალებათ მომსახურების გაწევა და ნებართვის არმქონე ტაქსის მფლობელი დაჯარიმდება. რეგისტრაცია ასევე შესაძლებელი იქნება ხვალ, 29 სექტემბერს, 18:00 საათამდე, მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს მომსახურების ცენტრებში.

მსგავსი თემები