“თუ გინდა დააზიანო “ქართული ოცნების“ გუნდი, პირველ რიგში ირაკლი კობახიძეს უნდა “დაარტყა” და ეს გააკეთა გახარიამ გუშინ” – მამუკა მდინარაძე

ექსპრემიერი გიორგი გახარიას მხრიდან “ქართული ოცნების” თავმჯდომარის კრიტიკას, მამუკა მდინარაძემ უპასუხა.

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ ირაკლი კობახიძისთვის დარტყმის მიყენება, მმართველი პარტიის დაზიანებასაც ნიშნავს და სწორედ  ამ მეთოდით მოქმედებს გიორგი გახარია.

“რაც შეეხება ირაკლი კობახიძის მიმართ ასეთ აგრესიას და ირაკლი კობახიძის მიმართ თავდასხმას, ამას ჩემი აზრით აქვს რამდენიმე მიზეზი, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ თუკი ოდნავ მაინც იცნობ “ქართული ოცნების“, ამ პარტიის შიდა სამზარეულოს და გინდა მას ზიანი მიაყენო, პირველ რიგში უნდა დაარტყა ირაკლი კობახიძეს. არამხოლოდ როგორც პოლიტიკურ ლიდერს ამ პარტიისას, არამედ როგორც მენეჯერს, რომელზეც ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული ამ პარტიაში და იმ პარტიულ შიდა სამზარეულოში, რასაც მენეჯმენტი ჰქვია.

“ქართულ ოცნებაში” ეს მენეჯმენტი ბოლო წლებია და არა წელს და არა შარშან, მისი აღმასრულებელი მდივნობის დროსაც და მით უმეტეს ახლაც, მისი პარტიის ხელმძღვანელობის დროსაც, აგებულია მთლიანად ირაკლი კობახიძეზე და მას აქვს ის ბერკეტი, რასაც ჰქვია საუკეთესო მენეჯერის ბერკეტი, ამიტომ თუ გინდა დააზიანო “ქართული ოცნების” გუნდი, თან თუ იცნობ შიდა სამზარეულოს, პირველ რიგში იცი, რომ ირაკლი კობახიძეს უნდა დაარტყა და ეს გააკეთა მან გუშინ. გარდა ამისა სხვა მიზეზებიც არის, ამაზე მეტს ვილაპარაკებთ,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ

მსგავსი თემები