სალომე ზურაბიშვილს თავისებურებები ახასიათებს, მას “ქართული ოცნების” ვალი არ აქვს – ნუკრი ქანთარია 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი ნუკრი ქანთარია აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელი პრეზიდენტი იქნება და საარჩევნო კამპანიის დროს მმართველი პარტიის მხარდაჭერის მიუხედავად, მისი ხასიათის თავისებურებებისა და პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე არავის ვალი ექნება.

​შეიძლება მისი განცხადებების ტონალობა, ზოგჯერ კატეგორიულობაც კი იწვევდეს გარკვეულ დაფიქრებას, მაგრამ ისეთი, რამ, რა ინტერპრეტაციაც მოჰყვა მის სიტყვებს, ეს ყოვლად უმსგავსო კამპანიაა. სად მოღალატე და სად სალომე ზურაბიშვილი? სწორედ ასეთი აგრესია დაუბრუნდებათ უკან. სალომე იქნება დამოუკიდებელი,  მიუხედავად იმისა, რომ “ქართული ოცნება” ვუჭერთ მას მხარს. მისი ხასიათიდან და პიროვნებიდან გამომდინარე არავის ვალი არ ექნება. ერთადერთი ვალი, რომელის მას ექნება, ეს არის მისი წინაპრები და ის შეეცდება თავისი შესაძლებლობების ფარგლებში ამ ვალს შეეწიროს”, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ დღეს, “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ მიდის აქტიურად აგრესიული კამპანია. “ნაციონალური მოძრაობა” ერთი მხრივ მის “გაშავებას” ცდილობს, მეორე მხრივ იქადნებიან, რომ ​​როცა სალომე ზურაბიშვილი გამოცხადდება გამარჯვებულად, საზოგადოების გარკვეულ წრეს დაარწმუნებენ არჩევნების გაყალბებაში და ქუჩაში გამოიყვანენ.

“მათი მხრიდან საპრეზიდენტო კანდიდატის მიმართ ასეთი ნერვული და ისტერიული აგრესია უკუშედეგს გამოიღებს. სალომეს სახით ხმა უნდა მივცეთ ყველა იმ ადამიანს, ვინც დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1918 წელს და შემდეგ უცხოეთში და საქართველოში ატარა ეს დამოუკიდებლობა. სალომე არის ამ შთამბეჭდავი კრებულის წარმომადგენელი, ჩემი განცდა ასეთია. მართალია მას ახასიათებს გარკვეული თავისებურებები, მისი ქართული სიტყვის მარაგი ხშირად არ არის იმ დონეზე რომ თავისი აზრი ზუსტად გამოხატოს შესატყვისი სიტყვებით, მაგრამ სიტყვებზე გამოკიდება და ინტერპრეტაციები, რაც ახლა მიდის, აბსოლუტურად საწინააღმდეგო შედეგს გამოიღებს და იმედი მაქვს სალომე აუცილებლად გაიმარჯვებს”, – აცხადებს ნუკრი ქანთარია.

დეპუტატის აზრით, სალომე ზურაბიშვილი ამ არჩევნების გამარჯვებული იქნება, თუმცა, რომელ ტურში ამაზე ახლა ძნელია საუბარი.

 

მსგავსი თემები