“მოიშორეთ წინაღობები, გაატარეთ რეფორმები და როდესაც პოლიტიკა იქნება სწორი, საქართველო ნატოს კარში შესვლას შეძლებს” – ჯეიმს აპატურაი

სამიტამდე ერთი კვირით ადრე, NATO-ში ხაზგასმით ამბობენ, რომ ღია კარის პოლიტიკის ერთგულები არიან.

სამიტი მიიღებს კომუნიკეს, რომელიც საქართველოს მხარდამჭერი იქნება. ალიანსის წევრი ქვეყნები ერთი დღით შეიკრიბებიან. მათ შორის იქნება შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი, რომელიც ამ სტატუსით ნატოს სამიტს პირველად დაესწრება.

მანამდე ალიანსის გეგმებზე, ღია კარის პოლიტიკაზე და საქართველოს პერსპექტივებზე სხვადახვა ფორმატებში საუბრობენ.

“კომუნიკეში ნახავთ მკაფიო გზავნილს საქართველოსთან დაკავშირებით. ჩვენ კვლავ ერთგული ვრჩებით 2008 წელს მიღებული გადაწყვეტილების. ახლა კონსენსუსი მაპზე არ არის, ეს ნათელია, მაგრამ ასევე ნათელია, რომ საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ნატოში გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად. ჩემი აზრით, ქართველებს შეუძლიათ დაინახონ, რომ წინსვლა არის რეფორმების კუთხით და ნატოს ყოფნის გაზრდით საქართველოში. მოიშორეთ წინაღობები, გაატარეთ აუცილებელი რეფორმები და როდესაც პოლიტიკა იქნება სწორი, მაშინ საქართველო ნატოს კარში შესვლას შეძლებს,”- აღნიშნავს ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი. 

აშშ-ს ატლანტიკური საბჭოს გლობალური ენერგეტიკის ცენტრის უფროსი ანალიტიკოსი მეთიუ ბრაიზა კი აცხადებს, რომ საქართველო ნატოშ გასაწევრიანებლად, ასე თუ ისე, უკვე მზად არის. 

“საუბრობენ, რომ ნატომ არ უნდა მიიღოს ახალი წევრები, თუკი მათ ტერიტორიაზე სეპარატისტული კონფლიქტებია. მაგრამ, მაშინ რა ვთქვათ ესპანეთზე, კანადაზე და გერმანიაზე. გერმანია ალიანსში მაშინ გაწევრიანდა, როდესაც ქვეყანა ორად იყო გაყოფილი. ასე, რომ როდესაც გეოგრაფია და ტერიტორია გკარნახობს, რომ წევრი ქვეყნების სასწრაფო ინტერესია ესა თუ ის ქვეყნები ალიანსში მიიღონ, ეს მოხდება და მაპი ამ შემთხვევაში არარელევანტურია. ყველამ იცის, რომ საქართველო ასე თუ ისე, მზად არის,”- აცხადებს აშშ-ს ატლანტიკური საბჭოს გლობალური ენერგეტიკის ცენტრის უფროსი ანალიტიკოსი მეთიუ ბრაიზა.

NATO-ს სამიტი ბრიუსელში ზუსტად 1 კვირაში გაიმართება. 14 ივნისს გახდება ცნობილი თუ რა გზავნილი ექნებათ ალიანსის წევრებს საქართველოსა და უკრაინის მიმართ. 

მსგავსი თემები