„მნიშვნელოვანია, საქართველოში პოლარიზაციის დონე შემცირდეს“ – ფილიპ რიკერი

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებლის ფილიპ რიკერის განცხადებით, მნიშვნელოვანია, საქართველოში პოლარიზაციის დონე შემცირდეს. მისივე შეფასებით, ქვეყანაში დემოკრატიული განვითარებისთვის ეს აუცილებელია.

ფილიპ რიკერმა 19 აპრილის შეთანხმების შესრულების აუცილებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამით პოლიტიკური ჩიხი უნდა დასრულდეს.

„რეგულარულად ვიღებ ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს საელჩოდან. მოხარული ვართ, რომ ამ პროცესში ვითამაშეთ როლი, როდესაც საქმე ეხებოდა ოპოზიციისა და მმართველ პარტიას შორის მოლაპარაკებების წარმოებას, რაც შემდგომ დასრულდა პოლიტიკური ჩიხის გადაჭრით და რაღაც ახალი გზის პოვნით.  საქართველოს ჰყავს  მრავალპარტიული პარლამენტი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ამ პარტიამ პარლამენტში იმუშაოს კონსტრუქციულად და გააკეთონ ის საქმე, რა მოთხოვნასაც უყენებენ მათ თავიანთი ამომრჩევლები. აპრილის შეთანხმება არის მნიშვნელოვანი, მოვუწოდებთ ყველა პარტიას თანამშრომლობისკენ და კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვით მოქმედებისკენ“ – განაცხადა საქართველოში სტუმრად მყოფმა „თეთრი სახლის“ წარმომადგენელმა.  

მისივე განცხადებით, 19 აპრილის შეთანხმებასთან დაკავშირებით 3 ძირითადი კომპონენტი არსებობს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შემცირდეს პოლარიზაციის დონე საქართველოში და ამაზე უნდა იმუშაონ პარტიებმა, რადგან ეს არის მნიშვნელოვანი საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის. რაც შეეხება 19 აპრილის შეთანხმების შესრულებას, აქ არის სამი ძირითადი კომპონენტი, რაზეც ვსაუბრობთ. პირველი, ეს გახლავთ ამნისტიის შესახებ კანონი, რომელიც არის პრობლემური, თუმცა ეს საკითხი უნდა გადაწყდეს, მოხდეს ამნისტიის კანონის მიღება და შემდგომ განხორციელება. შემდეგი საკითხები მოგეხსენებათ ეს არის საარჩევნო და სასამართლო რეფორმები“, – განაცხადა ფილიპ რიკერმა.

მსგავსი თემები