“როგორც კი სახალხო დამცველს არ მიეცა შესვლის უფლება, მაშინვე უნდა აეტეხა განგაში, ეს სასწრაფოდ გამოსასწორებელია” – სოზარ სუბარი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოზარ სუბარის განცხადებით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში რეგულირების სააგენტოს თანამშრომლები და სოციალური მუშაკები იმყოფებიან. მისივე ინფორმაციით, ადგილზე ჩავლენ ფსიქოლოგებიც.

„ამ წუთებში ნინოწმინდის პანსიონატში შესულები არიან რეგულირების სააგენტოს თანამშრომლები და 4 სოციალური მუშაკი ზრუნვის სააგენტოდან, ასევე, გზაში არიან ფსიქოლოგებიც. წუხელ, ექვსმა ბავშვმა, რომელმაც მოითხოვა გამოყვანა, სხვაგან არის გადაყვანილი. 2006 წლიდან ვმუშაობთ, სახალხო დამცველი ვიყავი, როდესაც ეს შენობა შეიქმნა, მაშინ მეუფე სპირიდონის ხელმძღვანელობით ორი ბავშვთა სახლი არსებობდა, ეს იყო ნინოწმინდასა და ზესტაფონში. მაშინაც გვქონდა შესვლასთან დაკავშირებით მცირე პრობლემები, თუმცა, მალე დალაგდა, მაშინ 60-მდე ბავშვთა სახლი იყო, ეს კონკრეტული ორი გამოირჩეოდა, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო”, – აღნიშნავს სუბარი.

მისივე თქმით, სახალხო დამცველს ბავშვთა სახლში შესვლის უფლება აქვს, როდესაც არ უშვებენ, “განგაში მაშინვე უნდა ატეხოს“.

„სახალხო დამცველს ბუნებრივია, უფლება აქვს და აუცილებლად უნდა შევიდეს. ცოტა გაოგნებულიც ვიყავი, როდესაც გავიგე, რომ 2018 წლიდან არ შესულა, არ ვიცი დღეს რატომ გახდა აქტუალური ეს საკითხი. როგორც კი სახალხო დამცველს არ ეძლევა შესვლის უფლება, მაშინვე უნდა აეტეხა განგაში, ეს სასწრაფოდ გამოსასწორებელია “, – აღნიშნავს სუბარი.

მსგავსი თემები