“დენის შმიგალის თეზისებს კომენტარს არ გავუკეთებ, რადგან ყველა უკრაინელმა მშვენივრად იცის, ვის რა გავლენა აქვს – უკრაინის პოლიტიკის ახალი სახეები ჩემთვის ნამდვილად ვერ იქნებიან მრჩევლები” – მიხეილ სააკაშვილი

დენის შმიგალის თეზისებს კომენტარს არ გავუკეთებ, რადგან ყველა უკრაინელმა თავადაც მშვენივრად იცის ვის რა გავლენა აქვს უკრაინაში. უკრაინის პოლიტიკის ახალი სახეები ჩემთვის ნამდვილად ვერ იქნებიან მრჩევლები,- ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრემიერ-მინისტრის დენის შმიგალის „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუს, სადაც უკრაინის პრემიერი აღნიშნავს, რომ სააკაშვილი უკრაინის პოლიტიკაზე, განსაკუთრებით კი საგარეო პოლიტიკაზე გავლენას ვერ ახდენს.

სააკაშვილის განცხადებით, ის აპირებს არა მხოლოდ ჩაერთოს რეფერენდუმში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, არამედ უხელმძღვანელოს კამპანიას, რათა „საქართველოს, მოქმედი ხელისუფლება მოაშოროს“.

„მე მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს უკრაინის პრემიერ-მინისტრთან: წამოიყვანს ბატონი შმიგალი საქართველოდან უკრაინელ მეზღვაურებს, რომლებიც აგერ უკვე 7 თვეა სრულიად უკანონოდ არიან დაპატიმრებულები და იმყოფებიან საქართველოს ციხეში? განიხილა თუ არა მან ეს საკითხი საქართველოს ხელისუფლებასთან, რომელმაც გააყალბა არჩევნები და უკანონოდ ინარჩუნებს ხელისუფლებას? თუ მან ეს გააკეთა, მე მზად ვარ გადავყლაპო ნებისმიერ წყენა და მას ტაში დავუკრა.

მე ვაპირებ არა მხოლოდ აქტიურად ჩავერთო ამ შემოდგომას ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით რეფერენდუმში, არამედ ვგეგმავ, ჩვენი კამპანიის ხელმძღვანელობას, რომელიც მოაშორებს საქართველოდან ამ ხელისუფლებას და ამ საკითხში ვერავინ ვერაფერს მიკარნახებს, ამ მიმართულებით ვერავინ შემზღუდავს მე, როგორც რეგიონალურ ლიდერს და როგორც უკრაინის მოქალაქეს, რომელიც არის დემოკრატიული სახელმწიფო. უკრაინის პოლიტიკის ახალი სახეები ჩემთვის ნამდვილად ვერ იქნებიან მრჩევლები,“- განაცხადა სააკაშვილმა.

ცნობისთვის, როგორც უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის საკონსულტაციო ორგანოში ერთ-ერთ თანამდებობას იკავებს და უკრაინის ხელისუფლებას რეფორმების მიმართულებით საკუთარ გამოცდილებას უზიარებს, თუმცა „მას არანაირი კავშირი არ აქვს ხელისუფლებასთან, ის არ ახდენს გავლენას უკრაინის პოლიტიკაზე, მითუმეტეს, უკრაინის საერთაშორისო პოლიტიკაზე“.

მსგავსი თემები