„ეს ბრძანება არ ყოფილა უკანონო“ – გიორგი გახარია 20 ივნისის ღამეზე

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან 20 ივნისის მოვლენებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არანაირი უკანონო ბრძანება არ ყოფილა გაცემული.

„20 ივნისთან დაკავშირებით, ისევე, როგორც სხვა საკითხებზე,   არასდროს მქონია პრობლემა კითხვებისთვის პასუხი გამეცა. მინდა გაგახსენოთ, რომ არც ერთ მაშინდელ ოპოზიციონერს, რომელმაც როგორც ჩანს, დაიმკვიდრა თავი ოპოზიციაში, კითხვაზე პასუხიც არ გაუცია. ბევრგან მისაუბრია 20 ივნისზე. არც ერთ ოპოზიციონერს, რომელიც იქ იყო, რომელიც აორგანიზებდა და მოუწოდებდა ადამიანებს პარლამენტში შეჭრისკენ, უბრალო კითხვაზეც არ გაუციათ პასუხი, რატომ აკეთებდნენ ამას ან რით ხსნიდნენ. ეს შედარებისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან.

მისივე შეფასებით, 20 ივნისს ვინც დაზარალდა, ეს ოპოზიციის უპასუხისმგებლობის გამო მოხდა.

„ეს ადამიანები არიან უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების უპასუხისმგებლო ქმედების მსხვერპლი ისევე, როგორც ზოგ შემთხვევაში ეს შეიძლება, ყოფილიყო ცალკეული პოლიციელების მირ გადაცდომის ან ძალის გადამეტების ნაწილი. ნუ ეძებთ ბნელ ოთახში შავ კატას, მით უმეტეს, თუ იქ არ არის. ეს ბრძანება არ ყოფილა, ეს ერთი. არანაირი უკანონო ბრძანება 20 ივნისის განმავლობაში არ გაცემულა“ – განაცხადა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის განმარტებით, მას არც კითხვებზე პასუხის გაცემის ეშინია და არც დაკითხვის.

„კითხვებზე გამიცია პასუხი და შემდგომშიც გავცემ. დაკითხვაზეც ვყოფილვარ, პასუხებიც გამიცია და შემდეგშიც გავცემ. არ მაქვს არანაირი პრობლემა“, – განაცხადა გახარიამ.

მსგავსი თემები