„თუ არ დაიწყო პოლიტიკური ელიტების ცვლილება, გაგვიჭირდება“ – გიორგი გახარია

„უაღრესად დისკრედიტირებული პოლიტიკური პარტიების სისტემა“ – ასე აფასებს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია არსებულ პოლიტიკურ ვითარებას.  

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია ამ წუთებში ჟურნალისტებს ხვდება და მათ კითხვებს პასუხობს. როგორც ყოფილმა პრემიერმა განმარტა, სწორედ დისკრედიტირებული პოლიტიკური სისტემის გამო, ახალგაზრდები პოლიტიკაში არ შემოდიან.

„თუ არ დაიწყო პოლიტიკური ელიტების ცვლილება, გაგვიჭირდება ქვეყნის რეფორმირება და ქვეყნის წინსვლა. ჩემი ახალგაზრდობის დროს, მაშინ მოქმედი პოლიტიკოსები დღესაც აქტიურ პოლიტიკაში არიან, ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ თუ პოლიტიკაში არ გავხსენით კარები ახალგაზრდებისთვის, არაფერი გამოვა. ჩვენს საზოგადოებაში, ყველაზე ნიჭიერი, პერსპექტიული ახალგაზრდები ყოველთვის ამჯობინებენ ან კერძო სექტორში, ბიზნესის სფეროში მოღვაწეობას ან სამოქალაქო სექტორში. რატომ? ამას აქვს მარტივი ახსნა – უაღრესად დისკრედიტირებული პოლიტიკური პარტიების სისტემა“ – განმარტა გიორგი გახარიამ.

მისივე შეფასებით, პოლიტიკური ველი ახალი თაობის  პოლიტიკოსებისთვის უნდა გაიხსნას.

„ამას ნიშნავს ჩემთვის პროპორციული საარჩევნო სისტემა და საპარლამენტო დემოკრატია. ნიჭიერ და კარგი განათლების ადამიანებს არ უნდა შეეშინდეთ პოლიტიკურ ველზე ინიციატივების დაწყება” – განაცხადა მან.   

მსგავსი თემები