მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ დოკუმენტზე ხელმოწერის გარეშე „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლა შეცდომაა

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ დოკუმენტზე ხელმოწერის გარეშე „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლა შეცდომაა. თუმცა, როგორც ხაზარაძე ამბობს, საკითხი პარტიის გადასაწყვეტია.

„მათი პარტიის გადაწყვეტილებაა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს შეცდომაა. რადგან საუბარია ევროპულ კურსზე და საკმაოდ სერიოზულ პარტნიორობაზე. დღეს ჩვენს ქვეყანას უდგას გეოპოლიტიკური გამოწვევები და როგორც არასდროს, საჭიროა ევროპარტნიორებთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო ურთიერთობა. შესაბამისად, შარლ მიშელის დოკუმენტი პირველ რიგში, სწორედ მეგობრობას და პარტნიორობას გულისხმობს. შეიძლება, იყოს რაღაც დეტალი, რომელიც ვინმეს არ მოსწონდეს, მაგრამ მარტივია, მიიღებ ამ კანონის მიღებაში მონაწილეობას ან შენს ვარიანტს შესთავაზებ. მაგრამ ფაქტი, რომ ისინი ხელს არ აწერენ დოკუმენტს, ჩვენი ევროკურსისთვის დამაზიანებელია. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ ეს ხელისუფლება გავისტუმროთ. „ლელო“ არის მოწოდებული, ქვეყანაში ჩატარდეს 2022 წელს რიგგარეშე არჩევნები და ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა შემოდგომის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ისე იყოს მოგებული, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან გავისტუმროთ და რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არ მინდა ვიფიქრო, რომ ოპოზიციაში ვიღაცას აღარ უნდა ეს სცენარი. ეს მართლა ღალატის ტოლფასი იქნება. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, მთავარი მიზანი, რომ ქვეყანაში კოალიციური მთავრობა მოვიდეს და რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს ახალი საარჩევნო კოდექსით, უმნიშვნელოვანესია“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

რაც შეეხება პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მიშელის დოკუმენტს გონივრულ ვადაში ხელს თუ არ მოაწერს, ვერ ისარგებლებს ვერც ერთი პრივილეგიით, რომელსაც დოკუმენტი ოპოზიციური პარტიებისთვის ითვალისწინებს, ხაზარაძემ განაცხადა, რომ არჩეულ დეპუტატს ვერავინ შეუზღუდავს განხილვაში მონაწილეობის მიღებას ან კანონის ინიცირებას.

„არჩეულ დეპუტატს ვერავინ შეუზღუდავს განხილვაში მონაწილეობის მიღებას ან კანონის ინიცირებას. ეს უბრალოდ გაუგებარი მუქარაა. ვინც ხელს არ აწერს მე მათ მაგივრად კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – აღნიშნა ხაზარაძემ.

მსგავსი თემები