“საქართველოს დემოკრატიული განვითარების, ევროკავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების როლი გადამწყვეტია” – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს დემოკრატიული განვითარების, ევროკავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების როლი გადამწყვეტია; ჩვენში არსებობს სრული კონსენსუსი ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალთან დაკავშირებით და სწორედ ეს განაპირობებს ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის მჭიდრო თანამშრომლობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივ კონფერენციაზე – „ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი“ მიმართვისას განაცხადა, რომელიც 27-28 მაისს ვიდეოკონფერენციის ფორმატში იმართება.

მთავრობის მეთაურმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმას ფორუმის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა არსებითია იმ რეფორმების განსახორციელებლად, რომელთა მეშვეობით საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რეგიონში ლიდერი ქვეყნის პოზიციებს ინარჩუნებს.

„დღეს ვფიქრობთ, რომ დადგა დრო, წინ წავიწიოთ, კიდევ უფრო ქმედითი, ენერგიული ნაბიჯები გადავდგათ ევროკავშირში ინტეგრაციისაკენ. თქვენ იცით, რომ 2024 წელს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე განაცხადის გაკეთებას ვგეგმავთ. უახლოეს წლებში ჩვენ ვეცდებით, ყველა დავარწმუნოთ, რომ საქართველოს არა მხოლოდ ამბიცია და სურვილი გააჩნია, არამედ იმსახურებს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობას. ამ საქმეში ჩვენ კვლავ სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერისა და უშუალო მონაწილეობის იმედი გვაქვს. მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის დიალოგსა და თანამშრომლობას, სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან კონკრეტული რეკომენდაციების წარმოდგენას და განხილვას, ეფექტური ფორმატები და ინსტრუმენტები სჭირდება. კონფერენცია, რომელშიც დღეს ვმონაწილეობთ, სწორედ ასეთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტად წარმოგვიდგება. მიხარია, რომ არც ისე დიდი ისტორიის მიუხედავად, იგი უკვე მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ტრადიციად იქცა. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი სამოქალაქო საზოგადოების ეროვნულ პლატფორმას ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის; პირადად ჩემი და ჩვენი მთავრობის სახელით ვადასტურებ სრულ მზაობას, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორობა და თანამშრომლობა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაშია ნათქვამი, ღონისძიების მიზანია მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის დიალოგის ხელშეწყობა. წლევანდელი კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია დისკუსიები საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ფარგლებში არსებულ აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის თემაზე, ასოცირების შეთანხმების განხორციელების შეფასებაზე. ფორუმის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იქნება 2024 წელს საქართველოს ევროკავშირში წევრობასთან დაკავშირებით განაცხადის გაკეთების პერსპექტივები.

კონფერენციაში სამოქალაქო საზოგადოების, საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, ევროკომისიის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

მსგავსი თემები