„თბილისობაზე” გარევაჭრობისთვის ადგილები შეირჩა  

დედაქალაქის მერიამ„თბილისობა 2018“-სთვის ის ადგილები შეარჩია, სადაც გარევაჭრობა ნებადართული იქნება. დღესასწაულთან დაკავშირებული გარევაჭრობა ქალაქის 6 რაიონში იქნება შესაძლებელი:
ჩუღურეთის რაიონში – ხეთაგუროვის სკვერიდან ბარათაშვილის ხიდამდე ტერიტორია;
სამგორის რაიონში – ვიქტორ კუპრავას ქუჩის N10, ე.წ. სვანების ბაზრობის ტერიტორია;
გლდანის რაიონში – ხიზანიშვილის ქუჩაზე, გლდანის პარკსა და პოლიციის შენობას შორის არსებული სივრცე;
​დიდუბის რაიონში – სტანისლავსკის ქუჩაზე, „დიდუბე პლაზას“ მიმდებარე ტერიტორია, ასევე, დიღმის მასივში, პაიჭაძის ქუჩა N1-ში, სკვერის მიმდებარე ტერიტორია.
​საბურთალოსა და ვაკის რაიონში – სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია და  გეგეშიძის ბაღი.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დღეს განაცხადა, აღნიშნულ ტერიტორიებზე საკუთარი პროდუქციის წარმოდგენის საშუალება ნებისმიერ ადამიანს ექნება.

„ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, საკუთარი პროდუქცია ამ სივრცეში წარმოადგინოს.  მათ ექნებათ შესაძლებლობა,აღნიშნულ ტერიტორიებზე შევიდნენ და თავიანთი პროდუქცია გაყიდონ“,- განაცხადა კახა კალაძემ.

აღსანიშნავია, რომ „თბილისობა“ წელს, 6-7 ოქტომბერს გაიმართება.

მსგავსი თემები