“ამოიწურა ყველა შესაძლებლობა, რომ გვესაუბრა და გვეიძულებინა ხელისუფლება გამოსულიყო დიალოგზე” – ვარლამ გოლეთიანი

4 საათში ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქცია განახლდება – როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, პიკეტირებები და მსვლელობა დღესაც მოეწყობა. მათ შორის, იგეგმება სტრატეგიულად მნიშვნელოვან ტერიტორიების გადაკეტვა.

შედგება თუ არა შეხვედრა ხელისუფლებასა და აქციის ორგანიზატორებს შორის, ჯერჯერობით უცნობია. ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტის მონაწილეთა ნაწილმა ღამე რესპუბლიკის მოედანზე გაათენა, სადაც კარვებია გაშლილი.

მოძრაობა “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” დამფუძნებელი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხებზე ხელისუფლებასთან საუბრის ყველა შესაძლებლობა ამოიწურა.

“ამოიწურა ყველა შესაძლებლობა იმისა, რომ გვესაუბრა ამ საკითხებთან დაკავშირებით და გვეიძულებინა ხელისუფლება, მათ შორის გამოსულიყო რაღაც დიალოგზე, რასაც ვითხოვდით მთელი ეს პერიოდი. შევიტანეთ განაცხადი და გვაქვს ნებართვა. ახლა ვიდრე პროტესტი არის, ბუნებრივია ხალხი მოდის, ბუნებრივად იკეტება ქუჩა. ჩვენ ხომ ხელოვნურად არ ვქმნით ამ ყველაფერს, ხომ?! ბუნებრივად იკეტება, რაც ბუნებრივად იკეტება – ის კანონიერია,” – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

რაც შეეხება 26 მაისს დაგეგმილ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს და მათი აქციის კვეთას, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, 26 მაისის აღლუმზე სიტყვით სწორედ ის ჩინოვნიკები გამოდიან, ვისი მისამარითაც ნამახვანჰესის პროტესტი მიემართება.

“26 მაისს რა ხდება თავისუფლების მოედანზე – მარტივად რომ დავსვათ კითხვა ხომ?! 26 მაისს გამოდიან ის ჩინოვნიკები, ვისაც მიემართება ზოგადად ჩვენი პროტესტი, ხომ ასეა?!

ამიტომ, თუ ჩვენ ვეუბნებით მოქალაქეებს, რომ ეს ბრძოლა არის თითოეული ადამიანის ბრძოლა დღეს, მაშინ სად უნდა იდგეს ლოგიკურად ადამიანი? რა ხდება? სად უნდა ისმინოს ამ ხალხმა იმ დღეს სიტყვა? აქ უნდა ისმინოს, თუ იმ ჩინოვნიკების სიტყვა უნდა ისმინოს?” – აცხადებს ვარლამ გოლეთიანი.

მსგავსი თემები