“არის მცდელობა, რომ ჩემსა და მიხეილ სააკაშვილს შორის შუღლი გააღვივონ, ასე არასოდეს მოხდება” – ნიკა მელია

ხშირად არის მცდელობა, რომ ჩემსა და მიხეილ სააკაშვილს შორის შუღლი გააღვივონ, ასე არასოდეს მოხდება, რადგან გააზრებული გვაქვს, რა გამოწვევების წინაშე დგას სახელმწიფო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა.

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“, „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით, სხვანაირად იმართება, პარტიას ჰყავს ელექტრონული წესით არჩეული პარტიის თავმჯდომარე, აღმასრულებელი რგოლი, პოლიტსაბჭო, რომელიც მსჯელობს და ისე იღებს გადაწყვეტილებას.

„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ადამიანები, რომლებიც არიან დეპრესიაში და აქვთ ყოფითი პრობლემები, დრო არ რჩებათ, თავიანთი სამოქალაქო პოზიცია დააფიქსირონ, ტაპობრივად ჩავრთოთ ამ პროცესში. ამ ყველაფერში ძალიან მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის როლი, მან თავისი პოზიცია დააფიქსირა, მე  – ჩემი. ძალიან ხშირად არის მცდელობა ბევრი ადამიანის მხრიდან, რომ მე და მიხეილ სააკაშვილს შორის შუღლი გააღვივო. ასე არასოდეს მოხდება, რადგან გააზრებული გვაქვს, რა გამოწვევების წინაშე დგას სახელმწიფო. არავის არ ემახსოვრება წლების შემდეგ ან უახლოეს მომავალში დეტალები, როგორ განვითარდა, ვინ ვის კბილი დაკრა, ვინ გააკრიტიკა, ვინ ვის ნიშანი მოუგო, შედეგით განისაზღვრება ჩვენი საქმიანობა. ჩვენ შორის ვერავინ შუღლს ვერ გააღვივებს, ხშირად არ არის პოზიციების თანხვედრა, მაგრამ განსხვავებით „ქართული ოცნებისგან“, ეს პარტია აბსოლუტურად სხვანაირად იმართება, ამ პარტიას ჰყავს ელექტრონულად არჩეული თავმჯდომარე, აღმასრულებელი რგოლი, პოლიტსაბჭო, რომელიც მსჯელობს და ასე იღებს გადაწყვეტილებას, მე მგონი, ეს გასაგებია“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მსგავსი თემები