“განვიხილეთ დავით გარეჯის საკითხი, შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება” – ირაკლი ღარიბაშვილი

„ჩვენ, ასევე განვიხილეთ დავით გარეჯის საკითხი. ბუნებრივია, შევეხეთ ამ საკითხს, შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება, დაჩქარდება და ძალიან მალე გადაწყდება ისე, როგორც ჩვენს ძმობას და მეგობრობას შეეფერება“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტისას, ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრისას განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება, მათ შორის უსაფრთხოების საკითხები.

„მინდა პირველ რიგში ვთქვა, რომ მქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან. განვიხილეთ მთელი რიგი საკითხები, მთ შორის ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობის მრავალწლიანი ისტორია და ჩვენ ვართ მოტივირებული, რომ კიდევ უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ ერთობლივად. ასევე, ჩვენ განვიხილეთ რეგიონში არსებული სიტუაცია, მათ შორის უსაფრთხოების საკითხებიც, შევეხეთ პრაქტიკულად ყველა საკითხს, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს. ჩვენ ასევე განვიხილეთ დავით გარეჯის საკითხიც, ბუნებრივია შევეხეთ ამ საკითხს, შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება, დაჩქარდება და ძალიან მალე გადაწყდება ისე, როგორც ჩვენს ძმობას და მეგობრობას შეეფერება. კომისიები გააგრძელებენ მუშაობას ძალიან მალე და მოგვიანებით გახდება ცნობილი უფრო კონკრეტულად“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი თემები