90 ახალი ავტობუსი შეძენილია, ძველები კი დედაქალაქიდან მოიხსნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძეს განცხადებით, თბილისის ძველი ავტობუსები წლის ბოლომდე, მთლიანად, ახალი ავტობუსებით ჩანაცვლდება.

როგორც მთავრობის მეთაურმა თბილისის ახალი  მუნიციპალური ავტობუსების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება მწვანე პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი და პრიორიტეტია. მისი თქმით, თბილისი გახდება ევროპული კატეგორიის დედაქალაქი ყველა სტანდარტის მიხედვით.

„შეძენილია 90 ახალი, უმაღლესი სტანდარტის ევროპული კატეგორიის ავტობუსი, წლის ბოლომდე კიდევ 200-ზე მეტი ახალი ავტობუსი შემოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისში ძველ პარკს ფაქტობრივად მთლიანად ჩავანაცვლებთ. ჩვენ დამატებითი რესურსი გამოვუყავით თბილისის მუნიციპალიტეტს, რათა მომავალ წელსაც განაგრძოს ეს პროგრამა. მომავალ წელს ელექტრო ავტობუსები დაგვემატება. თბილისელებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის საკითხი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა კახა კალაძესა და მის გუნდ პროექტის მოკლე ვადებში განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.

შეგახსენებთ, რომ თბილისს ავტოპარკს Euro 6  სტანდარტის, დიზელის ძრავზე მომუშავე 90 ახალი ავტობუსი ემატება. ტრანსპორტი გათვლილია 82 მგზავრზე 8 თვეში დედაქალაქს კიდევ 220 ერთეული, ISUZU-ის მარკის 8-მეტრიანი ავტობუსი დაემატება.

მსგავსი თემები