“9 თვის განმავლობაში ერთხელ გაიღიმა” – ვის უღიმოდა 3 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული კობაური  

ხადას ხეობაში ამერიკელი სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მწყემსის, მალხაზ კობაურის ადვოკატები, სასამართლო განაჩენს არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ კობაური უდანაშაულოა. 

“მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ადვოკატებმა დღეს, მალხაზ კობაურის იმ ფოტოზე ისაუბრეს, რომელიც მასმედიასა და სოციალურ სივრცეში გავრცელდა, სადაც 3 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული ახალგაზრდა მწყემსი იღიმება.

​ადვოკატ ვასილ მამულაშვილის თქმით, კობაურის გაღიმება საზოგადოებამ ლამის დანაშაულის კონტექსტში განიხილა და ამის გამო აკრიტიკებენ.

“იყო სურათები, როდესაც კობაურმა 9 თვის განმავლობაში გაიღიმა. უარყოფით კონტექსტში იყო წარმოდგენილი კობაურის ღიმილი, როდესაც მან თავი ძმას გაუღიმა. დღემდე ამას ატრიალებენ, – აი, ასეთი ბრალდების ქვეშ ადამიანი იცინის”, – აცხადებს ვასილ მამულაშვილი და სასამართლოს მიერ დაშვებულ შეცდომებზე საუბრობს.

მამულაშვლის თქმით, პირველი დარღვევა სასამართლო სხდომის დახურვა იყო. “პროკურატურა ყველა მედიასაშუალებით ნაფიც მსაჯულებზე ზემოქმედებას ცდილობდა.  ცხადია, ამან იქონია გავლენა ნაფიც მსაჯულებზე. ჩვენი პოზიციები შუქდებოდა, მაგრამ ვრცელდებოდა არა ის, თუ რა მოხდა კონკრეტულად, არამედ კობაური თითქოს აძლევდა აღიარებით ჩვენებას, არის კადრები თითქოს კობაური შემთხვევის ადგილისკენ ხელს იშვერს”, – აცხადებს იგი. 

ადვოკატის შეფასებით, გუშინდელი განაჩენი, როდესაც მალხაზ კობაურს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა, არ არის მართლმსაჯულების გამარჯვება ან ადვოკატების დამარცხება.

“ადვოკატები არასდროს არიან დამარცხებულები, მიუხედავად იმისა, რა შედეგი დადგება. დამარცხება და გამარჯვება უნდა იყოს სამართლიანობა აღდგენილი და სამართლიანობამ უნდა გაიმარჯვოს, ჩვენ ჩვენ საქმეს ვაკეთებთ და შედეგი ან ერთი მხარისთვის იქნება დამაკმაყოფილებელი, ან მეორესთვის” – აცხადებს ვასილ მამულაშვილი. 

რაც შეეხება ნაფიცი მსაჯულების შერჩევას, კობაურის ადვოკატების თქმით, მათი შერჩევის პროცედურა თავიდან მიუკერძოებლად დაიწყო, თუმცა დაცვის მხარე, აქაც არათანაბარ პირობებში აღმოჩნდა.

“ადამიანების შესახებ, რომლებიც ნაფიცი მსაჯულები უნდა ყოფილიყვნენ, ნულოვანი ინფორმაცია გვქონდა – ოჯახის წევრებისა და მათი სამუშაო ადგილების შესახებ. ამ დროს, პროკურატურა მათ შესახებ სრულ ინფორმაციას ფლობს. არ ვამბობ პირდაპირ ზემოქმედებას, თუმცა მაღალია რისკი, როცა ადამიანი სახელმწიფო სამსახურში მუშაობს, ან მისი ოჯახის წევრი. როცა სასამართლო და პროკურატურა მიხვდნენ, რომ ცუდად ჰქონდათ საქმე, მოსამართლემ ფაქტობრივად თვითონვე აირჩია დარჩენილი 5 კანდიდატი, ეს იყო დასაბუთებული სწრაფი მართლმსაჯულებით. სწრაფ განაჩენზე იყო საუბარი იმისთვის, რომ 9-თვიან ვადაში ჩატეულიყვნენ”, – აცხადებს ადვოკატი ვასილ მამულაშვილი. 

ხადას ხეობაში, ამერიკელი სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის, მალხაზ კობაურის სასამართლო პროცესი, რომელიც ნაფიცი მსაჯულების თანდასწრებით გაიმართა, გუშინ დასრულდა. ის დამნაშავედ ცნეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. კობაურის ადვოკატები განაჩენს, ერთი თვის ვადაში , სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

მოამზადა შორენა პაპაშვილმა

მსგავსი თემები