მომავალ თაობებს კარგად უნდა ავუხსნათ, რა გააკეთეს 9 აპრილს დაღუპულებმა – კახა კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ 1989 წელს 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო. მერი მოადგილეებთან ერთად, რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდა, სადაც 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო.

“მადლობა ამ დღისთვის, მადლობა თავისუფლებისთვის”, – განაცხადა კახა კალაძემ მემორიალთან.

თბილისის მერის მოსაზრებით, 9 აპრილს ორგვარი დატვირთვა აქვს: პირველ რიგში, ესაა ძალიან დიდი ტრაგედია, 21 ადამიანი დაიღუპა იმ ღამით. თუმცა მეორე მხრივ, ეს იყო ქვეყნის გათავისუფლების დასაწყისი. დღე, როდესაც დაიწყო იმპერიის ჩამოშლა.

მისივე თქმით, ჩვენი შვილების თაობამ უნდა იცოდნენ რა მოხდა 1989 წლის 9 აპრილს და სამშობლოს სიყვარულს, როგორ შესწირეს თავი ადამიანებმა.

“იმ სისხლიანი ღამიდან, იმ ტრაგედიიდან, რომელიც ჩვენს დედაქალაქში დატრიალდა, 30 წელი გავიდა. ჩვენს შვილებს, მომავალ თაობებს კარგად უნდა ავუხსნათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში დღევანდელი დღე. მათ უნდა იცოდნენ, რა გააკეთეს 9 აპრილს გარდაცვლილმა ადამიანებმა, როგორ შესწირეს თავი სამშობლოს სიყვარულს და თავისუფლებას”, – განაცხადა კახა კალაძემ.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან 30 წელი გავიდა. ამ დღეს საბჭოთა არმიამ სასტიკად დაარბია რუსთაველის გამზირზე საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრაცია. დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით კი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.

მსგავსი თემები