“9 აპრილის მემორიალი წაგვიბილწეს, სად გაიზარდნენ?!” – ქართველი ემიგრანტის ემოციური ვიდეომიმართვა

 

ქართველი ემიგრანტი ლია წიქარიშვილი, აღშფოთებას გამოთქვამს თბილისში, რუსთაველის გამზირზე 12 მაისს, მკაცრი ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ  გამართულ აქციასთან დაკავშირებით და ქართველ ემიგრანტებს მოუწოდებს, სამი თვის ვადაში მოაგვარონ საბუთებთან დაკავშირებული საკითხი, ჩავიდნენ სამშობლოში, რათა წინ აღუდგნენ საქართველოს ხელისუფლების სუსტ ნარკოპოლიტიკას.

ლია წიქარიშვილი განსაკუთრებით აღაშფოთა აქციის მონაწილეების მხრიდან 9 აპრილის მემორიალის მიმართ გამოვლენილმა უპატივცემულობამ, კერძოდ, როდესაც აქციის ერთ-ერთი მონაწილე 9 აპრილის მემორიალზე ფეხებით შედგა და ცეკვავდა.

ქართველი ემიგრანტი სოციალურ ქსელში ემოციურ ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც აცხადებს, რომ წლების წინ, იმავე ადგილას, თავის 18-19 წლის მეგობრებთან ერთად იდგა და ძალადობის წინააღმდეგ, თავისუფლებისთვის იბრძოდა, მაგრამ ის სულ სხვა ბრძოლა იყო და მისთვის მიუღებელია, რაც დღეს თბილისის რუსთაველის გამზირზე ხდება, როდესაც მოქალაქეები, სამართალდამცველების ანტინარკოტიკულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ.

​​მთელი დღე თვალ-ყურს ვადევნებდი პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენებს, მაგრამ ჩემთვის შემზარავია ის, რა უბედურებაც დღეს თბილისში ხდება. ყველანაირ ძალადობას ვგმობ, მით უმეტეს ახალგაზრდა რომ აპროტესტებს რაღაცას… მაგრამ ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს. რამდენი ღამე გვაქვს გათენებული მაგ ადგილას, რამდენი “დუბინკა” მოგვხვედრია თავში, რამდენი ჩვენი თანამემამულე შეეწირა ამ ბრძოლას. ხალხნო რა გემართებათ, რამ დაგაყენათ გადაშენების გზაზე, 9 აპრილის მემორიალზე ცეკვა მიდის, იმ წმინდანების სულები წაგვიბილწეს ამ მაიმუნებმა, სად გაიზარდნენ? რა დავინახე ეს?”, – აცხადებს ვიდეომიმართვაში ემიგრანტი ლია წიქარიშვილი.

როგორც თავად აცხადებს, კარგად იცის რას ნიშნავს ნარკომანობა, “მათ არ უყვართ მშობლები, არ უყვართ, თავისი ცოლები, არ უყვართ შვილები, არ უყვართ სამშობლო და არ იციან რა არის თავისუფლება.  მეც იმ ადგილზე ვიყავი, 18 წლის ასაკში. რამ გადაგვარჩინა მაშინ არ ვიცით. იმისთვის გავწირეთ თავის, რომ ეს მაიმუნები შესეოდნენ ამ ადგილს? გამომიცდია ძალადობა, როგორ გვცემდნენ, მაგრამ ეს ახალგაზრდები უკვე ზღვარს გადადიან”, – აცხადებს ემიგრანტი.

აღსანიშნავია, რომ თბილისში, 11 მაისის ღამით, რამდენიმე ღამის კლუბში ჩატარდა სპეცოპერაცია, რომლის შედეგად ნარკოტიკის 8 გამსაღებელი დააკავეს, მათ შორის ერთი 21-დან 30 წლამდე ასაკის ქალი. სამართალდამცველების მიერ ღამით ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამენ ღამის კლუბის კლიენტები და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და აცხადებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებების დროს ადამიანის უფლებები დაირღვა, ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას და ღირსების შელახვას.

 

https://www.facebook.com/lia.tsikarishvili.14/videos/1021684151321804/?hc_ref=ARSXBrSNJ-hPed6WFCVKJjG2keb6uxLNod-x2EeXnuNznW-fhM7MB37n4dfadY3mNu4&hc_location=group

მსგავსი თემები