9-სართულიანი სახლის მოგლეჯილმა სახურავმა 53 წლის მამაკაცი შეიწირა

ძლიერი ქარის შედეგად, ბათუმში, ჭავჭავაძისა და 26 მაისის ქუჩების კვეთასთან არსებული 9-სართულიანი სახლიდან სახურავის ჩემოვარდნის შედეგად დაშავებული 2 მოქალაქიდან ერთ-ერთი დაიღუპა.

როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, დაღუპული, სოსო შერვაშიძე მერიის თანამშრომელია, რომელიც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა. იგი ქალა-ტვინის დახურული ტრავმით და გულ-მკერდის არეში შინაგანი ორგანოების დაჟეჟილობით​, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ონკოლოგიურ საავადმყოფოში გუშინ გადაიყვანა. პაციენტი რეანიმაციულ ბლოკში დაახლოებით 2 საათის წინ გარდაიცვალა.

მეორე დაზარალებული, 60 წლის მამაკაცს ქირურგიული ოპერაციები ჩაუტარდა, მას მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნება, თუმცა, როგორც ექიმები აცხადებენ, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს,  ძლიერი ქარის შედეგად, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ცხრასართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავიდან თუნუქის ფურცლები ჩამოვარდა და ორი მოქალაქე დაშავდა. დაზიანდა იქვე მდგარი ორი ავტომობილი.

ქალაქის მერი, ლაშა კომახიძე უსამძიმრებენ დაღუპულის ოჯახს.

“ვუსამძიმრებთ ჩვენი სოსო შერვაშიძის ოჯახს. სოსო იყო ჩვენი გუნდის, ჩვენი დიდი ოჯახის წევრი. არაჩვეულებრივი ადამიანი და პროფესიონალი. სოსო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა. მან იმ დღეს სხვა ადამიანების სიცოცხლეზე ზრუნვისას საკუთარი სიცოცხლე გასწირა. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ყველა იმ ადამიანს, ვინც სოსოს იცნობდა”, – წერს ბათუმის მერიის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ბათუმის მერი ლაშა კომახიძე.

უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების მკურნალობის და დაღუპულის დაკრძალვის ხარჯებს ბათუმის მერია დაფარავს.

აღსანიშნავია, რომ შავი ზღვისპირა ქალაქ ბათუმში ძლიერმა ქალმა რამდენიმე სახლის სახურავი დააზიანა, მოგლიჯა ცხრასართულიანი სახლის სახურავი, განათების ბოძები და ხე-მცენარეები. ქარს ძლიერი შტორმი მოჰყვა, შედეგად დანაგვიანდა ქალაქის სანაპირო ზოლი.

მსგავსი თემები