საქართველოს პარლამენტის ყოფილი სპიკერი ვიცე-სპიკერი გახდა

საქართველოს პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე, 86 ხმით არცერთის წინააღმდეგ, თავმჯდომარის მოადგილედ აირჩია არჩილ თალაკვაძე, რომელიც ბოლო დრომდე იკავებდა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას.

„ბატონო არჩილ, გილოცავთ და დიდ წარმატებებს გისურვებთ“, – ასე მიმართა არჩევის შემდეგ ახალ მოადგილეს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ, რომელმაც სპიკერის თანამდებობაზე არჩილ თალაკვაძე 27 აპრილს შეცვალა. მანამდე თავად კახა კუჭავა იკავებდა თავმჯდომარის მოადგილის პოსტს.

თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება 24 აპრილს გამოაცხადა: “ახლა, როდესაც პარლამენტში წარმომადგენლობითი ოპოზიცია გვყავს, ვთვლი, ჩემი ადგილი დარბაზშია, კოლეგების გვერდით და არა სპიკერის როლში”.

არჩილ თალაკვაძე, რომელიც „ქართული ოცნების“ მხრიდან ხელმძღვანელობდა ევროკავშირის ინიციატივით, ოპოზიციასთან შეთანხმების მიღწევას, აცხადებდა, რომ სჯობს, პარლამენტს გაუძღვეს ადამიანი, რომელიც მოლაპარაკებებში მხარე არ იყო. თალაკვაძის გადადგომა ოპოზიციამ შეაფასა „ქართული ოცნების“ მიერ დამარცხების აღიარებად.

არჩილ თალაკვაძე მეათე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე იყო 2020 წლის 11 დეკემბრიდან. ის ხელმძღვანელობდა მეცხრე მოწვევის პარლამენტსაც.

მსგავსი თემები