თბილისის ქუჩებში არსებული ნაგვის კონტეინერები ღამის საათებში დაიცლება 

თბილისის გზებზე საცობების თავიდან აცილების მიზნით, საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ღამის საათებში დედაქალაქის სხვა უბნებიდანაც გაიტანენ. საპილოტე პროექტი ვაკის რაიონის რამდენიმე ქუჩაზე განხორციელდა.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” შპს “თბილსერვის ჯგუფში” განუცხადეს, მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, რომ პროექტი მთელი ქალაქის მასშტაბით განხორციელდეს, რადგან ამით საავტომობილო საცობებისთვის თავის არიდებასთან ერთად დაიზოგება კომპანიის ხარჯები.

“თბილსერვისი” ასევე გეგმავს ნაგვის დამატებითი კონტეინერების შეძენას, რადგან, მიაჩნიათ, რომ არსებული რაოდენობა საკმარისი არ არის. კომპანია ახორციელებს პლასტმასის 1100 ლიტრიანი 19 150 ერთეული ნაგავშემკრები კონტეინერების ჩანაცვლებას. ახალი კონტეინერები უკვე დადგეს ისნის, სამგორის, გლდანის, დიდუბისა და ნაძალადევის რაიონებში.

აღსანიშნავია, რომ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში საცობების თავიდან ასაცილებლად “თბილსერვის ჯგუფის” ხელმძღვანელებს დაავალა, ნაგვის ღამის საათებში გატანაზე ეზრუნათ.

მსგავსი თემები