კათოლიკები და მუსლიმები საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერას უცხადებენ

საქართველოში მარიხუანას (კანაფი) კულტივაციის პროექტს, ქვეყანაში არსებული რელიგიური ორგანიზაციები, მათ შორის, მუსლიმური თემი და კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია უარყოფითად აფასებენ და კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის შეშფოთებას იზიარებენ.

​როგორც კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი ჯუზეპე პაზოტო აცხადებს, საქართველოს კათოლიკები ერთგულნი არიან რომის პაპის, ფრანცისკეს ქადაგების, რომ ნარკოტიკი ბოროტებაა და შეუძლებელია მასთან კომპრომისზე წასვლა, ხოლო იმისთვის, რომ ამგვარი მტკიცე “არა” განუცხადო ნარკოტიკს, საჭიროა უთხრა “ჰო” სიცოცხლეს, სიყვარულს, ოჯახს, აღზრდას, სპორტს, სამუშაო ადგილებს.

მისივე თქმით, რომის პაპი ქადაგებს, რომ ეკლესიამ არ უნდა განსაჯოს და მიატოვოს ნარკოდამოკიდებულები, რომლებიც უფსკრულში აღმოჩნდნენ. საზოგადოებას უნდა ახსოვდეს, რომ ნარკოტიკი ვერ იქნება მსუბუქი, რადგან ყოველთვის უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკაზე და აკარგვინებს მას თავისუფლებას. ამას პირველ რიგში მეცნიერები აღიარებენ.

“იმის გამო, რომ ნარკოტიკების ჭირი კვებავს ბინძურ ბაზარს, უსინდისო ხალხის ჯიბის გასქელებით, ჩვენი სამოციქულო ადმინისტრაცია უერთდება ყველა მათ, ვინც ადამიანის სიკეთისა და ღირსების სადარაჯოზე დგას. კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია უერთდება იმ მამობრივ შეშფოთებასა და მღელვარებას, რაც თავის ქადაგებაში გამოხატა მისმა უწმიდესობამ და უნეტარესობამ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია II-მ მარიხუანას კულტივაციის, რეალიზაციისა და მოხმარების კანონპროექტთან დაკავშირებით”, – აცხადებს ჯუზეპე პაზოტო. “

​მისი აზრით, ნარკოტიკი ბოროტებაა და შეუძლებელია მასთან კომპრომისზე წასვლა.

აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია გამოხატა სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხმა რამინ იდიგოვმა.

​მისი თქმით, მსუბუქი ნარკოტიკის ლეგალიზება მძიმე ნარკოტიკების მოხმარების დასაბამი იქნება.

“როდესაც გარკვეული აკრძალვებია, ახალგაზრდებს უჩნდებათ ინტერესი, რომ გასინჯონ ეს ნივთიერება. ეს ფაქტი დამაზიანებელი იქნება მომავალი თაობისათვის. თუ ჩვენ ამას დავუშვებთ, ახალგაზრდებს და მათ მომავალს გავანადგურებთ. ბოლო პერიოდში მხედველობაში მაქვს – აზერბაიჯანელი ახალგაზრდები უსაქმურობენ, არიან ქუჩაში და თუ დაშვებული იქნება მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარება, მათ კიდევ მიეცემათ სტიმული, რომ გართობისკენ იყვნენ ორიენტირებულნი. ისლამი კრძალავს ნარკოტიკებს, შესაბამისად, ჩვენთვის მისი ნებისმიერი სახით მოყვანა მიუღებელია. ეს ფაქტი საქართველოს იმიჯს შეულახავს მთელს მსოფლიოში“, – აცხადებს შეიხი.

მსგავსი თემები