ვარლამ გოლეთიანი ჭყონდიდის ეპარქიაში ჩასვლის მიზეზს განმარტავს

„რიონის ხეობის მცველი“ ვარლამ გოლეთიანი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რატომ ჩავიდა ჭყონდიდის ეპარქიაში.

„არავისთვის დამალული და უცხო არაა, რომ ეპარქია, სადაც ვცხოვრობთ, იქ მეუფე სტეფანე არის მმართველი. ის გახლავთ ჭყონდიდის მმართველიც. მე ვარ სასულიერო პირის ოჯახიდან, მამაჩემიდან გამომდინარე გვაქვს კომუნიკაცია და ვართ მრევლი იმ ტაძრის, სადაც მეუფე აღავლენს ღვთისმსახურებას. ხშირად დავდივართ ცაგერში. მეუფემ დამატებით შეითავსა ჭყონდიდის მართვა. დღეს იქ აღევლინა საღვთო ლიტურგია. ამას მოყვა გარკვეული სპეკულაციები და ლამის ოკუპანტ მეზობელთან დაგვაკავშირეს. გვინდა, ავხსნათ ამ პროცესების კანონზომიერება. ჩვენ ვართ ეკლესიის წევრი და ვიყავით ჭყონდიდში ბზობის აღსანიშნავად.

რაც შეეხება იქაურ პროცესებს, ჩვენ მხარეობას არ ვცნობთ. არც ჩვენი ადვოკატობა და დაცვა სჭირდება არავის, ჩავედით მსახურებაზე დასასწრებად. რაც არის იქ ზოგადი სურათი, ჩვენთვისაც შემაშფოთებელია, სურვილი გამოვხატეთ, რომ იმედია, დალაგდება და დაუბრუნდება ეპარქია ნორმალური ცხოვრების რიტმს.

ვემიჯნებით ყოველგვარ პროვოკაციებს და ძალადობას, რაც იქ ხდება. სამწუხაროა, რომ სამართალდამცავები არ იყვნენ მობილიზებული და ვის ინტერესში შედის დაძაბულობა, გაუგებარია”, – ამბობს გოლეთიანი.

გუშინ, ჭყონდიდის ეპარქიაში, სალხინოს ეკლესიის ეზოში მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

მსგავსი თემები