„კაცს ციხიდან გამოსვლა არ უნდა. მზად ვართ, დანაშაული ვაპატიოთ“ – ოხანაშვილი მელიაზე   

„ნიკა მელია ევროკავშირის გირაოზე უარს ამბობს. არ გამიკვირდება, თუ უარს იტყვის ამნისტიაზე, იმ მოტივით, რომ მას „ოცნების“ საპატიებელი არაფერი სჭირს“ – განაცხადა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.

მისივე შეფასებით, უცნაური და გაუგებარია, რატომ ამბობს მელია უარს, დასავლელი პარტნიორების მიერ შეთავაზებულ გირაოზე.

„უცნაურია, კაცს ციხიდან გამოსვლა არ უნდა. ჯერ ამბობდა, არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთო. ახლა ამბობს, არ გადავიხდი და არ გამოვალო. როგორც ჩანს, მას საკუთარ თავთან აქვს ვალდებულება, ჩადენილი დანაშაულისთვის, ბოლომდე მოიხადოს სასჯელი. ასევე ცალსახაა, რომ მელია მონაწილეა და ერთგვარი ტყვეა, სააკაშვილის პოლიტიკური თამაშების“ –  განაცხადა ოხანაშვილმა მედიასთან.

როგორც დეპუტატი აცხადებს, მმართველი გუნდი მზადაა, მას დანაშაული აპატიოს.

„მიუხედავად ამისა, მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერით „ქართულმა ოცნებამ“, როგორც პასუხისმგებლიანმა პოლიტიკურმა ძალამ, ვალდებულება აიღო. თუ, მელია უარს იტყვის ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოზე, პარლამენტი ამნისტიის კანონს მიიღებს და ჩვენ მზად ვართ, მას ჩადენილი დანაშაული ვაპატიოთ. თუმცა არ გამიკვირდება, ამაზეც უარი თქვას იმ მოტივით, რომ მას „ოცნების“ საპატიებელი არაფერი სჭირს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მსგავსი თემები