„დღევანდელი დღე გადამწყვეტია“ – ოპოზიცია ე.წ. ისტორიული დოკუმენტის მოლოდინშია

ამ წუთებში, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში იკრიბებიან, სადაც სამმხრივი შეხვედრა – მმართველი გუნდის, ოპოციზიისა და მედიატორების მონაწილეობით იწყება.

სწორედ ამ შეხვედრაზე უნდა წარუდგინონ მხარეებს დიპლომატებმა ე.წ. შეთანხმების დოკუმენტი, რომელზეც ხელს ან მოაწერენ და ან არა.  

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ხელმძღვანელის გიორგი ვაშაძის განცხადებით, დოკუმენტი,რომელსაც პარტნიორი ქვეყნები მათ დღეს გააცნობენ, განსხვავებული უნდა იყოს და ის იგივე შინაარსით არ უნდა იყოს დატვირთული, რაც ერთხელ უკვე შესთავაზეს.

„იმედი მაქვს, საბოლოო დოკუმენტი, რომელსაც ჩვენ მივიღებთ, მაქსიმალურად გაითვალისწინებს ყველა მხარის ობიექტურ მოსაზრებებს და ყველას მოგვეცემა შესაძლებლობა, შეთანხმების გზით წავიდეთ. დღევანდელი დღე არის გადამწყვეტი. ამ მოლაპარაკებების პროცესში ან დათანხმება ან ისევ კინკლაობა.  რა თქმა უნდა, ჩემს გუნდთან ერთად შეთანხმების მომხრე ვარ, მაგრამ შეთანხმება ვერ იქნება ისე, რომ აბსოლუტურად ნებისმიერ საკითხზე ვთანხმდებით, ასე ვერ გამოვა.  დაველოდოთ, რამდენიმე საათი დარჩა. პროცესი რომ მძიმეა ისიც მიუთითებს, რომ შეხვედრა რამდენჯერმე გადაიდო“ – განაცხადა ვაშაძემ მედიასთან.

მისივე შეფასებით, შარლ მიშელის პირველ დოკუმენტში კონკრეტულად არის ჩამოთვლილი, რა საკითხებზე უნდა იყოს გადაწყვეტა. ეს მოიცავს როგორც პოლიტიკურ პატიმრებს, ასევე რიგგარეშე არჩევნებთან მისასვლელ გზას.

შეგახსენებთ, რომ შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს მხარეებმა ხელი არ მოაწერეს. მმართველმა გუნდზე ხელმოწერა მხოლოდ 2 დღის უკან დააფიქსირა.  

დღევანდელი შეხვედრის ფასილიტატორები დი ამერიკისა და ევროკავშირის ელჩები იქნებიან.

მსგავსი თემები