„მეწყერზე გამავალი მილსადენი “დაკვერცხდა”, ანუ მეწყერი მიაწვა მილს და დააზიანა“ – სპეციალისტი

„ვაშლიჯვრის მეწყერზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებზე ბევრი კითხვა ისმის, მაგრამ სრულად პასუხის გაცემა ჩვენთვისაც რთულია, რადგან ვერ ვხსნით რა ხდება. ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად, ერთი კვირის წინ, მშენებელმა კომპანიამ გამოთქვა შეხვედრის სურვილი. შეხვედრა საუბრის და თხრობით რეჟიმში გაიმართა და პასუხების ნაცვლად კითხვების რაოდენობა გაგვეზარდა“ – აცხადებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი​ს გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი ლაშა სუხიშვილი.

სპეციალისტი მეწყრულ ფერდობზე არსებულ პრობლემებზე კიდევ ერთხელ საუბრობს და აცხადებს, რომ გერმანელები აქ იყვნენ, ნგრევის და შესაძლო “დაკვერცხების” პროცესი ანახეს, მაგრამ ისინი მაინც თავიანთ ჩვენებაზე დარჩნენ.

„პირველი უმთავრესი ინფორმაცია რაც მივიღეთ იყო ის, რომ მშენებლობა (როგორც თავად ეძახიან გამაგრება) დაიწყო პროექტის და დიზაინის გარეშე; მეორე – რაც მეწყერზე ხდება ადგილობრივების გადაწყვეტილებებია და გერმანელებს ინფორმაცია ზუმით მიაწოდეს; მესამე – არ დაელოდნენ საკუთარი კვლევების დასრულებას, რადგან დადგა გადაუდებელი აუცილებლობა, რომელიც სასწრაფო ჩარევას ითხოვდა.

აქ იწყება ყველაზე საინტერესო – რას ნიშნავს გადაუდებელი აუცილებლობა, ან რა მოხდა ისეთი რომ კვლევებს არ დაელოდნენ და გერმანელების მეორედ ჩამოსვლასაც დაასწრეს?

როგორც გვითხრეს მეწყერზე გამავალი წყლის მაგისტრალური მილსადენი “დაკვერცხდა”, ანუ მეწყერი მიაწვა მილს და დააზიანა. ამიტომ სასწრაფოდ შეიყვანეს მძიმე ტექნიკა და სამუშაოების შედეგად მეწყერი თუ 4 სმ/24 სთ სიჩქარით გადაადგილდებოდა, ახლა 1 სმ/24 სთ სიჩქარემდე შენელდაო (პროფესიონალები მიხვდებით რას ნიშნავს Total Station-ით 24 საათიან პერიოდში 1 სმ გადაადგილების დაფიქსირება ).

ახლა შევხედოთ თავად მეწყერს.

ყველა მხარე ვთანხმდებით, რომ მეწყრის სისქე 12 მეტრზე მეტია. 1-ელ ფოტოზე ჩანს რომ მეწყერს გააჩნია მინიმუმ ორი სხლეტვის ზედაპირი და მათ შორის ყველაზე ზედა 5-7 მეტრ სიღრმეზეა. ქვედა ამ ფოტოზე არ ჩანს. როცა ვზომავთ გადაადგილების სიჩქარეს Total Station-ით ან GPS-ით, ვზომავთ ზედაპირის სიჩქარეს, მაგრამ ის მილები მეწყრის ზედაპირიდან 14 მეტრზე ქვემოთაა და ზედაპირზე თუ შენელდა მოძრაობა, იგივეს უპირობოდ ქვედა ზონაზე ვერ გავავრცელებთ.

ე.ი. უნდა დავაკვირდეთ თავად ამ მილების “დაკვერცების” პროცესს. მე-2 ფოტოზე ვხედავთ რომ მილები ჩანს მოძრავი ბლოკის გვერდით, მათი ვერსიით უძრავი ბლოკის ძირში. ხოლო მე-4 ფოტოზე – პატარა ორმო, რომელიც მოძრავი ბლოკის წინაა განთავსებული. დავუშვათ, ამ ორმოდან აკვირდებოდნენ მილების დაკვერცხებას. მე-5 ფოტოზე ჩანს რომ ის მცირე ორმო, ძალიან დიდი მთის ქვეშ დამარხეს. ანუ მაგისტრალური წყალსადენის მილი “კვერცხდება”, ზიანდება, ამას აკვირდები გახსნილი ორმოდან და შემდეგ ეს იმარხება?

ახლა რას უნდა წარმოადგენდეს ეს მილები პროექტის მიხედვით. მე-5 ფოტოზე ჩანს რომ მილები განთავსებულია რკინა-ბეტონის გვირაბში. ანუ, მეწყერი გადაადგილდა, შეეხო რკინაბეტონის გვირაბს, დაანგრია, კვლავ გადაადგილდა და ახლა შეეხო მილს და “დააკვერცხა”. ბუნებრივია ეს 1 დღეში არ ხდება. ანუ გერმანელები აქ იყვნენ, ეს ნგრევის და შესაძლო “დაკვერცხების” პროცესი ანახეს, მაგრამ ისინი მაინც თავიანთ ჩვენებაზე დარჩნენ და კონკრეტული ღონისძიებების შეთავაზების გარეშე წავიდნენ? თუ მართლა ასე მოიქცნენ და ადგილობრივების იმედად დარჩა ამხელა პრობლემა, რატომ დაიმარხა ეს მილები 10 მეტრიანი მთების ქვეშ?“ – აცხადებს ლაშა სუხიშვილი.

მსგავსი თემები