ჩეჩნეთში კლდიდან გადაჩეხილი იპოვეს ყოფილი მერი, რომლის სტუმარმაც კადიროვის პორტრეტი შეურაცხყო

ჩეჩნეთში გარდაიცვალა არგუნის ყოფილი მერი, იბრაგიმ ტემირბაევი. გამოცემა “კავკაზ.რეალის” თანახმად, თემირბაევის მანქანა შატოი-გროზნოს მაგისტრალზე კლდიდან გადაიჩეხა. 

მერის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, ტემირბაევმა წელიწადნახევარი გაატარა არგუნის No3 კოლონიაში, სადაც იგი არაოფიციალურად დააპატიმრეს. 

ევროპაში მცხოვრები ჩეჩენი ბლოგერი ტუმსო აბდურახმანოვი ვარაუდობს, რომ არგუნის ყოფილი მერი იგივე მეთოდით მოკლეს, როგორც 2016 წელს გროზნოს უნივერსიტეტის ლექტორი ხიზირ ეჟიევი.
ოფიციალური ინფორმაციით, 2016 წლის იანვარში ეჟიევის გარდაცვალება მიზეზიც “კლდიდან გადაჩეხვა” გახდა, თუმცა მანამდე ისიც საიდუმლოებით მოცულ ვითარებაში გაიტაცეს. 
“იგი (ეჟიევი) სავარაუდოდ გაიქცა ქალაქ გროზნოს პოლიციის განყოფილებიდან, შემდეგ კი ურუს-მარტანის რაიონის კლდის ძირას მკვდარი იპოვეს. ვფიქრობ, ტემერბაევთანაც, იგივე მოხდა, ის მოკლეს ნელა და მეთოდურად. როგორც “ნოვაია გაზეტა” წერდა, მას აწამებდნენ და საბოლოოდ მოკლეს,” – თქვა აბდურახმანოვმა.

ბლოგერი ასევე აღნიშნავს, რომ ტემირბაევი კადიროვის ერთგული იყო და ასევე FSB-ც მფარველობდა.
ჩეჩნეთის მეთაურსა და არგუნის მერს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ტემირბაევს ჩეჩნეთის შს მინისტრის მოადგილე აპტი ალაუდინოვი ესტუმრა და კედელზე ჩამოკიდებულ კადიროვის პორტრეტ ხუმრობით “წამოარტყა”. 

ტემირბაევის ბურუსით მოცულ გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე კადიროვის პორტრეტის შეურაცხმყოფელი გენერალი თანამდებობიდან პირადად ვლადიმერ პუტინმა გადააყენა.

მსგავსი თემები