აფგან მუხთარლი დღეს გენერალურ პროკურატურაშია დაბარებული

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული.

პროკურატურის განმარტებით, მუხთარლი პროკურატურაში დღეს, 8 აპრილს უნდა გამოცხადდეს.

„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ აფგან მუხთარლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მუხთარლის გამოკითხვის შუამდგომლობით მისი ადგილსამყოფელის მიხედვით, სამართლებრივი დახმარებისთვის გერმანიის შესაბამის სამსახურებს 2020 წლის 24 მარტს მიმართა. გენერალური პროკურატურის მიმართვის საფუძველზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე აფგან მუხთარლი გერმანიაში შესაბამისი სამსახურების მიერ 2020 წლის 24 ივლისს გამოიკითხა. დაკითხვის ოქმი და შესაბამისი მასალები გერმანიიდან საქართველოს პროკურატურაში 2020 წლის პირველ ოქტომბერს გამოიგზავნა და დაერთო სისხლის სამართლის საქმეს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა) მიმდინარეობს“, – განაცხადეს პროკურატურაში.

ცნობისთვის, მუხთარლი თბილისში 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის აზერბაიჯანში იმყოფება. აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით – აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდის და ხელისუფლების წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით ჰქონდა წაყენებული. 2018 წლის 12 იანვარს აზერბაიჯანულმა სასამართლომ აფგან მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა აზერბაიჯანის ციხიდან ერთი წლის წინ გაათავისუფლეს. დარჩენილი წლები მას პირობითად ჩაეთვალა.

მსგავსი თემები