გარდაცვლილი ექთნის საქმეში ახალი გარემოებები იკვეთება

ბაქრაძის ოჯახის ადვოკატების ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ არც დაადასტურა და არც უარყო ინფორაცია, ჰქონდა თუ არა დაღუპულ ექთანს გადატანილი კორონავირუსი.

მათივე ინფორმაციით, ექიმ-ალერგოლოგის გამოკითხვის მიხედვით, ირკვევა, რომ ალერგიული ფონი ორგანიზმში სავარაუდოდ ნორმაში არ იყო.

გარდაცვლილი ექთნის საქმე 7 ტომისგან შედგება, საიდანაც 5 ტომი მოწმეების გამოკითხვას ეთმობა.

ოჯახის ადვოკატების თქმით, ყოველ ჯერზე სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლები გამომძიებლებს ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას აწვდიდნენ, რომელმაც გარდაცვლილი ექთნის საქმე ბუნდოვანი გახადა.

“თუ ვაქცინაციის პროტოკოლი იყო დაცული და 30 წუთიანი დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა 10-ივე პირი, მინიმუმ მეგი ბაქრაძესთან ერთად უნდა ყოფილიყო დაკვირვების ოთახში 8 ან 9 ადამიანი, რომელიც გამოძიების მასალების მიხედვით იქ არ ყოფილა. 2 დღიან შუალედებში ცვლიან მოწმეები ჩვენებას, თავიდან ადასტურებენ სხვა გარემოებებს და შემდგომ უკვე იცვლება ჩვენებები.

არც პროტოკოლის წესები არის დაცული, რადგან ვერცერთი მოწმის ჩვენებით ვერ იკვეთება, თუ ვინ იყო იმუნიზაციის შემდგომ ზედამხედველი ექიმი მეგი ბაქრაძის ჩივილების გამოვლენის შემთხვევაში. 

პაატა იმნაძეც არის სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში გამოკითხული. ცალსახად ვერც უარყოფს, რომ მეგი ბაქრაძეს გადატანილი ჰქონდა კორონავირუსი და ვერც ადასტურებს აღნიშნულ ფაქტს. 

ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრში იქნება გადმოგზავნილი სისხლის შრატი და გამოკითხულია პირი, უშუალოდ ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის წარმომადგენელი, რომელიც აფიქსირებს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან გარემოებას, რომ ის არ ადასტურებს მეგი ბაქრაძის სისხლის კუთვნილებას, რომ ეს არის ნამდვილად მეგი ბაქრაძის სისხლი,” – განაცხადა მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატმა ნინო ამაღლობელმა.

შეგახსენებთ, რომ 27 წლის ექთანი, რომელსაც AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.

შსს-მ 27 წლის ექთნის გარდაცვალებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

მსგავსი თემები