“88 წლის კაცი ვარ, საქართველოში მიცხოვრია, ახლა მეუბნებიან, საქართველოში არ ხარო”- მავთულხლართების მიღმა მხოვრები

გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფი ხაზის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ხურვალეთში, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან, მავთულხლართების მიღმა მცხოვრები 88 წლის დათა ვანიშვილი დახმარებას ითხოვს.

როგორც დათა ვანიშვილმა, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ, მედლინ მუნისთან საუბრისას განაცხადა, ის გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. მისი თქმით, მას ცხინვალის “მოქალაქეობის” მიღებას სთხოვენ. 

დათა ვანიშვილს, მესაზღვრეები ავადმყოფი მეუღლის გორში, ექიმთან წაყვანის უფლებასაც არ აძლევენ. 

“გაუსაძლის მდგომარეობაში ვარ. 88 წლის კაცი ვარ, ამდენი ხნის განმავლობაში საქართველოში მიცხოვრია და ახლა მეუბნებიან, საქართველოში არ ხარო. აღარ ვიცი, რა გავაკეთო, ლარზე პურსაც კი ვერ ვყიდულობ ამ ტერიტორიაზე. მეუბნებიან, მიიღე ცხინვალის “მოქალაქეობა” და აქაური პენსია ჩვეულებრივ დაგენიშნებაო. ამდენი წელი საქართველოში ვცხოვრობ და ახლა ცხინვალის “მოქალაქეობა” როგორ მივიღო? სახლში მოხუცი ავადმყოფი მეუღლე მყავს, ვეხვეწები, რომ საშუალება მომცენ გორში წავიყვანო ექიმთან, მაგრამ არც ამის უფლებას მაძლევენ. მეუბნებიან, ცხინვალში ან ლენინგორში წაიყვანე საავადმყოფოშიო. ამ მთებზე როგორ ვატარო ავადმყოფი ქალი, შესაძლოა, გზაში დაემართოს რამე. გორი კი აქვეა, მაგრამ ამ მავთულხლართების იქით არ გვიშვებენ. აქ ბევრი დელეგაცია მოდის, მელაპარაკებიან, ვუყვები ჩემს მდგომარეობას, მაგრამ არაფერი იცვლება. იქნებ, დაგვეხმაროთ და რამის გაკეთება შეძლოთ, რომ ეს ვითარება შეიცვალოს“- განაცხადა დათა ვანიშვილმა მედლინ მუნისთან საუბრისას.

მსგავსი თემები