„ჩინური ვაქცინის გამოყენებაც დაგვჭირდება, საწინააღმდეგოს ვერაფერს ვხედავ“ – ივანე ჩხაიძე

  •  

საქართველოში შემოტანილი ჩინური ვაქცინა დასაწყობდა და ჯანმოს ავტორიზაციას ელოდება. თუმცა, თუ ჯანმომ დააგვიანა, გამორიცხული არ არის, საქართველომ მისი გამოყენება დაიწყოს.

როგორც იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ჩინურ ვაქცინას აქვს იმ ქვეყნების აღიარება, რომელიც ჯანმოსთვის სარწმუნოა.

„დღეისათვის სხვადასხვა ქვეყნის მიერ ავტორიზებულია 13 ვაქცინა. აქედან 5 არის ჩინური, დანარჩენი კი სხვა ქვეყნების მიერ წარმოებული. 13-დან 6-ს ვაქცინას აქვს ან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ან იმ ქვეყნის ავტორიზაცია, რომელსაც ჯანმო განიხილავს როგორც მაღალ სარწმუნოს და ღირებულების ქვეყანას. ეს ის ქვეყნებია, რომელთა ავტორიზაცია გათანაბრებულია ჯანმოს ავტორიზაციასთან. ამ 6-დან საქართველოში არის 3 ვაქცინა. „ფაიზერი“, „ასტრა ზენეკა“ და „სინოფარმი“ – განუცხადა პროფესორმა „მედიაცენტრ მთავარს“.

მისივე თქმით, ის საწინააღმდეგოს ვერაფერს ხედავს, თუ საქართველო ჩინური ვაქცინის გამოყენებას დაიწყებს.

„სამივე ამ ვაქცინას გააჩნია ჯანმოს ან ჯანმოს მიერ აღიარებული ქვეყნის ავტორიზაცია. შესაბამისად, საქართველოში არჩევანი არის და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ჩინური ვაქცინის გამოყენებაც დაგვჭირდება. მას არა მხოლოდ უნგრეთის, არამედ იმ ქვეყნების ავტორიზაციაც აქვს, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ქვეყნებია – არგენტინა, სერბეთი, მონტენერგო და სხვა. ეს ყველა ვაქცინა ჯანმოს მიერ განიხილება საიმედო ვაქცინებად. ველოდებით ჯანმოს აღიარებს, მაგრამ თუ ჯანმო დააგვიანებს და ქვეყანაში შეიქმნება ვაქცინის დეფიციტი და იქნება აუცილებლობა, ვერაფერს ვხედავ საწინააღმდეგოს, ჩინური ვაქცინის გაკეთების“ – განუცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარს.“

მსგავსი თემები