„მესამე ტალღა ქვეყნისთვის სრულიად დამანგრეველი იქნება“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

„პანდემიის მესამე ტალღასთან საკმაოდ ახლოს ვართ და თუ ეს ვითარება რეალურად დადგა, ქვეყნისთვის დამანგრეველი იქნება“ – ეს განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“  იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ გააკეთა.

როგორც ჩხაიძემ განმარტა, ერთადერთი გამოსავალი რომ შემდგომი ტალღას თავი ავარიდოთ იმუნიზაციაა, რომელიც დღეს საკმაოდ დაბალია.   

„პანდემიის დამარცხების სხვა გზა არ არსებობს. ერთადერთი შესაძლებლობა არის ვაქცინაცია. ან ვაგრძელებთ გარდაცვალების მართლაც კატასტროფულ მაჩვენებელს ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ან ვზრდით იმუნიზირებული მოსახლეობის რაოდენობას და ვამბობთ, რომ შესაძლებელია, პანდემია დავამარცხოთ 2021 წლის ბოლოსთვის.

თუ ასე გაგრძელდა, ჩვენ ვერ დავასრულებთ პანდემიას, პანდემიის დასრულების გზა გადის მხოლოდ ვაქცინაციაზე. თუ ჩვენ ავიცრებით, მოსახლეობის მინიმუმ 60 პროცენტი იქნება ვაქცინირებული, ჩვენ შეგვეძლება განვაცხადოთ, რომ პანდემია საქართველოში დასრულდება. ამ ტემპით ჩვენ სამიზნე 60 პროცენტზე გასვლისთვის დაგვჭირდება სამი წელი. თუ ჩვენ დავთვლით, დღევანდელი მაჩვენებლებით რამდენია საქართველოში ყოველდღიურად გარდაცვლილთა რაოდენობა, ნიშნავს, რომ ამ სამი წლის განმავლობაში მივიღებთ სრულიად კატასტროფულ შედეგებს“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

პროფესორი ასევე განმარტავს, რომ მესამე ტალღის რისკი ქვეყანაში საკმაოდ მაღალია.

„ალბათობა იმისა, რომ მივიღებთ ინფექციის მაღალ მაჩვენებელს და გვექნება მესამე ტალღა, სამწუხაროდ, რეალობაა. თუ ამას თვალს არ გავუსწორებთ, მივიღებთ ისეთივე სურათს, რაც გვქონდა 2020-ის ნოებერ-დეკემბერში. მესამე ტალღის შემთხვევაში, შესაძლოა მართლა რეალური პრობლემები შეგვექმნას სტაციონარებში. მესამე ტალღის რისკი არსებობს და ეს რისკი ძალიან ახლოსაა. ეს არის საშიშროება. მესამე ტალღა ქვეყნისთვის სრულიად დამანგრეველი იქნება“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.  

მსგავსი თემები