“ჯო ბაიდენმა დამარწმუნა, რომ უკრაინა არასდროს დარჩება მარტო რუსეთის აგრესიის წინაშე” – ვლადიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სატელეფონო საუბრისას ის დაარწმუნა, რომ უკრაინა რუსეთის აგრესიის წინაშე არასდროს დარჩება მარტო. ამის შესახებ ზელენსკიმ დონბასში ვითარების გამწვავებასთან დაკავშირებით გაკეთებული სპეციალური მიმართვისას განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტმა მინსკისა და ნორმანდიული ფორმატის მოლაპარაკებების გაგრძელების აუცილებლობას გაუსვა ხაზი, თუმცა აღნიშნა, რომ უკრაინის არმიას შეუძლია, ნებისმიერ ძალას გაუწიოს წინააღმდეგობა.

„ცეცხლის სრულად შეწყვეტის რეჟიმის შენარჩუნება მინსკისა და ნორმანდიულ ფორმატებში რთული, თუმცა ძალიან აუცილებელი მოლაპარაკებების გაგრძელების საწინდარია. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ – ჩვენს არმიას შეუძლია, ნებისმიერს გაუწიოს წინააღმდეგობა. ეს აძლიერებს ჩვენს პოზიციებს დიპლომატიური გზით ვითარების დასარეგულირებლად, რაც უკრაინამ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების ინტეგრაციისთვის აირჩია. ამ გზაზე ჩვენ გვაქვს საერთაშორისო პარტნიორების სრული და უცვლელი მხარდაჭერა, კერძოდ ევროპისა და აშშ-ის. ამის ერთ-ერთი დადასტურება საუბარი, რომელიც დღეს აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან მქონდა. ჩვენ დეტალურად განვიხილეთ დონბასში შექმნილი სიტუაცია. პრეზიდენტმა ბაიდენმა დამარწმუნა, რომ უკრაინა არასდროს დარჩება მარტო რუსეთის აგრესიის წინაშე“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ სატელეფონო საუბრისას უკრაინაში ჯო ბაიდენის სამომავლო ვიზიტიც განიხილეს.

მსგავსი თემები