“დონბასში ვითარება საკმაოდ საშიშია” – დიმიტრი პესკოვი

დონბასში, კონტაქტის ხაზის გასწვრივ, სადაც უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან მრავალი პროვოკაცია შეინიშნება, ვითარება საკმაოდ საშიშია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

”ჩვენი რიტორიკა [დონბასთან დაკავშირებით] აბსოლუტურად კონსტრუქციულია. ჩვენდა სამწუხაროდ, რეალობა ძალზე საშიშია კონტაქტის ხაზზე, უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან პროვოკაციები ხდება და ეს პროვოკაციები არა ერთჯერადი, არამედ მრავალჯერადია,“- აღნიშნა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინული მხარე აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინის საზღვრებთან სამხედრო მობილიზებას თანდათან ზრდის, რაც ქვეყნის თავდაცვით უსაფრთხოებას ემუქრება. გუშინ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ დონბასში დაძაბულობის ზრდის გამო შეშფოთება გამოხატა და მას “ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური” ესკალაცია უწოდა.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინსა და მის უკრაინელ კოლეგა ანდრი ტარანს შორის გუშინ სატელეფონო საუბარი გაიმართა. უკრაინის თავდაცვის უწყების ცნობით, სატელეფონო საუბრის დროს ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ რუსეთის აგრესიის გამწვავების შემთხვევაში შეერთებული შტატები უკრაინას მარტო არ დატოვებს.

მსგავსი თემები