„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს, რის შემდეგაც საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება.

სხდომებზე ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციაზე იქნება საუბარი. მმართველი გუნდის წარმომადგენლები სავარაუდოდ, 7 ევროპარლამენტარის მიერ გავრცელებულ განცხადებაზეც იმსჯელებენ, რომელშიც ისინი არ გამორიცხავენ, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის ფონდებიდან ფინანსური დახმარების შეჩერების მოწოდებას გააკეთებენ.

სხდომის პარალელურად, პარტიის ოფისთან სამოქალაქო აქტივისტების აქცია გაიმართა. აქციაზე იყო ხმაური, სამართალდამცავებმა 12 პირი დააკავეს. აქტივისტების ინფორმაციით, დაკავებები მას შემდეგ დაიწყო, რაც პარტია „ქართული ოცნების” ოფისთან უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის გამოჩენას ხმაური მოჰყვა. ამასთან, “შეცვალეს” წევრის დეა სამადბეგიშვილის განცხადებით, გია ვოლსკის აქტივისტებმა „მონა” უწოდეს, ხოლო ვოლსკიმ აქტივისტების მისამართით უხერხული ჟესტი გამოიყენა. აქციის მონაწილეებმა “ქართული ოცნების” ოფისიდან შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გადაინაცვლეს.

მსგავსი თემები