“იმედგაცრუებას იწვევს იმის ხილვა, რომ პოლიტიკურ ელიტას არ აქვს არეულობის დასრულების სურვილი” – ვიოლა ფონ კრამონი

საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს გამოსავალს, რაც შეიძლება მალე,- ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი “ტვიტერზე” წერს, რითაც ეხმაურება ევროპარლამენტარების განცხადებას, რომელიც საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმების მიღწევაზე უარის თქმის შესახებ გამოქვეყნდა.

განცხადების ხელმომწერ ევროპარლამენტარებს შორის ვიოლა ფონ კრამონიც არის.

“ეს არის მკაფიო განცხადება საქართველოში მიმდინარე კრიზისის შესახებ. უაღრესად დიდ იმედგაცრუებას იწვევს ყველა ჩვენთაგანისთვის, საქართველოს მეგობრებისთვის, ევროპარლამენტში იმის ხილვა, რომ პოლიტიკურ ელიტას არ აქვს ამ არეულობის დასრულების სურვილი. საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს გამოსავალს, რაც შეიძლება მალე”,- წერს კრამონი.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარები საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმების მიღწევაზე უარის თქმის შესახებ განცხადებას აქვეყნებენ.

ერთობლივ განცხადებაში, ევროპარლამენტის წევრები წუხილს გამოთქვამენ, რომ საქართველოს პოლიტიკური ლიდერები არ დათანხმდნენ ევროკავშირის მედიატორის, კრისტიან დანიელსონის შეთავაზებას და საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობების მხრივ მოსალოდნელ შედეგებზე საუბრობენ.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ვიოლა ფონ კრამონი არაოფიციალური ვიზიტით საქართველოს სტუმრობს. ის გუშინ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს შეხვდა.

მსგავსი თემები