არჩილ ტატუნაშვილი დღეს 38 წლის გახდებოდა

არჩილ ტატუნაშვილი, რომელიც 2018 წელს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სამართალდამცველებმა მოკლეს, დღეს 38 წლის გახდებოდა.

არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებულ ახალგორში მცირე მეწარმეობას ეწეოდა. დასახლებაში 2018 წელს, ერთ-ერთი მორიგი ჩასვლის შემდეგ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომლებმა დააკავეს. მომდევნო დღესვე დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ ტატუნაშვილმა ბადრაგს წინააღმდეგობა გაუწია, კიბეზე დაგორდა და საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ცხედრის გადმოცემაზე ცხინვალი თითქმის ერთი თვის განმავლობაში ამბობდა უარს. თბილისში ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გარდაცვლილს სხეულზე ასზე მეტი დაზიანება ჰქონდა. საქართველოს გენერალური პროკურატურის მტკიცებით, ცხინვალის ე.წ. სამართალდამცველებმა არჩილ ტატუნაშვილი აგვისტოს ომში მონაწილეობის გამო აწამეს.

ტატუნაშვილის მკვლელებს ქართულმა სასამართლომ შესაბამისი სასჯელი შეუფარდა, თუმცა ისინი ამ დრომდე დაუსჯელი რჩებიან.

არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 24 მარტს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ის  სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეს გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი:

დღეს ჩვენი დროის გმირი, არჩილ ტატუნაშვილი 38 წლის გახდებოდა.

“თავისი ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში იგი საკუთარ თავში განასახიერებდა ქართველი კაცის ყველა საუკეთესო თვისებას. ოკუპაციასთან მისი შეურიგებლობა და სამშობლოს ერთგულება სამაგალითოა ჩვენი ახალგაზრდობისთვის, საზოგადოების თითოეული წევრისათვის, მომავალი თაობებისათვის.

მართლმსაჯულების წინაშე წარსდგება ყველა პირი, ვინც არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილში არის დამნაშავე. ამ მიმართულებით ჩვენი ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ და საერთაშორისო ბერკეტს,”- ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის მიმართვაში

მსგავსი თემები