ევროპარლამენტარები საქართველოსთვის დახმარების შეწყვეტასა და სანქციების დაწესებას ითხოვენ   

„უნდა შეიზღუდოს პოლიტიკური მხარდაჭერა და უმაღლესი დონის შეხვედრები როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ისე ოპოზიციის ლიდერებთან, რომლებიც არიან პასუხისმგებელნი მოლაპარაკების ჩაშლაზე… დადგეს შედეგები ევროკავშირის ფინანსური დახმარების თვალსაზრისით, მათ შორის როგორც მომდევნო გადახდის შეჩერების, ისე იმ პირობების გამკაცრების მხრივ, რაც ევროკავშირის მხრიდან მაკროსაფინანსო დახმარების პროგრამებსა და საბიუჯეტო მხარდაჭერას უკავშირდება“ – ეს არის ამონარიდი ევროპარლამენტართა მიერ მომზადებული პროექტიდან, რომელსაც რადიო „თავისუფლება“ ავრცელებს.

ევროპარლამენტარების ნაწილი ითხოვს, რომ სანქციები მკაცრი უნდა იყოს, სანამ მხარეები რეალურ შეთანხმებამდე არ მივლენ.   

„პოლიტიკური პარტიების მიერ კომპრომისის მიღწევაზე უარის თქმის შემდეგ, საქართველოს პოლიტიკური ლიდერები არ უნდა ელოდონ ევროკავშირთან ძველებურად საქმის გაგრძელებას. ევროპარლამენტი, კერძოდ, მოუწოდებს, რომ დადგეს შედეგები ევროკავშირის ფინანსური დახმარების თვალსაზრისით, მათ შორის როგორც მომდევნო გადახდის შეჩერების, ისე იმ პირობების გამკაცრების მხრივ, რაც ევროკავშირის მხრიდან მაკროსაფინანსო დახმარების პროგრამებსა და საბიუჯეტო მხარდაჭერას უკავშირდება.

გარდა ამისა, უნდა შეიზღუდოს პოლიტიკური მხარდაჭერა და უმაღლესი დონის შეხვედრები როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ისე ოპოზიციის ლიდერებთან, რომლებიც არიან პასუხისმგებელნი მოლაპარაკების ჩაშლაზე,  ვიდრე ისინი არ მოახდენენ კომპრომისისათვის რეალური მზაობის დემონსტრირებას საკუთარი მოქალაქეებისა და თავისი ქვეყნის მომავლის ინტერსებიდან გამომდინარე“, – ნათქვამია ერთობლივი განცხადების პროექტში, რომელსაც რადიო თავისუფლებას ევროპარლამენტის ინფორმირებული წყაროს მეშვეობით გაეცნო.

“რადიო თავისუფლების” წყაროს თანახმად, ევროკავშირის მიერ გამოყოფილი მაკროსაფინასო დახმარების მოცულობა, რომელიც საქართველომ ოქტომბერში უნდა მიიღოს, 60 მილიონ ევროს შეადგენს.

ერთობლივი განცხადების პროექტს ხელს აწერენ:

დევიდ მაკალისტერი (ევროპის სახალხო პარტია, გერმანია), საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე და დემოკრატიის მხარდაჭერის და არჩევნების კოორდინაციის ჯგუფის თანათავმჯდომარე;

მარინა კალიურანდი (სოციალისტები & დემოკრატები, ესტონეთი), სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელი;

ანდრიუს კუბილიუსი (ევროპის სახალხო პარტია, ლიეტუვა), Euronest-ის საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაციის ხელმძღვანელი;

ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი (მწვანეები, გერმანია), დემოკრატიის მხარდაჭერის და არჩევნების კოორდინირების ჯგუფის წამყვანი წევრი საქართველოს განხრით;

სვენ მიკსერი (სოციალისტები & დემოკრატები, ესტონეთი), ევროპის პარლამენტის მოქმედი მომხსენებელი საქართველოს საკითხში;

მიხაელ გალერი (ევროპის სახალხო პარტია, გერმანია), ევროპის პარლამენტის მოქმედი მომხსენებელი უკრაინის საკითხში;

პიატრას აუშტრიავიჩიუსი (RENEW, ლიეტუვა), ევროპის პარლამენტის მოქმედი მომხსენებელი ბელარუსის საკითხში.

მსგავსი თემები