ასლან ბჟანია პოზნერს აფხაზეთში იწვევს

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რუსეთის პირველი არხის ტელეწამყვანს ვლადიმირ პოზნერს დაბადების დღე მიულოცა და აფხაზის მოსანახულებლად დაპატიჟა. ინფორმაციას ე.წ. პრეზდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„პატივცემულო, ვლდიმირ ვლადიმიროვიჩ, გულითადად გილოცავთ დაბადების დღეს. ბედნიერებას და ჯანმთელობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ახლობლებს. აფხაზეთის მთელი მოსახლეობა გააოგნა, ვითარებამ რომელიც თქვენ გარშემო შექმნა, თქვენი თბილისში ყოფნისას. მხოლოდ აღშფოთება შეიძლება გამოიწვიოს ე.წ. კავკასიელების მოქმედებებმა, რომლებმაც დაარღვიეს კავკასიელი ხალხის საუკუნოვანი ტრადიციები. პატივცემულო ვალიდიმირ ვლადიმიროვიჩ, აფხაზეთში თქვენ ყოველთვის გელიან. გიწვევთ რესპუბლიკის მოსანახულებლად თქვენთვის ხელსაყრელ დროს“,- ნათქვმია ბჟანიას განცხადებაში.

პოზნერი აფხაზეთში უკვე მიიწვია ოპოზიციური „აფხაზეთის ეროვნული მოძრაობის“ ლიდერმა, დე ფაქტო რესპუბლოკის ყოფილმა ვიცე-პრემიერმა არგუნ არძინბამ. მისი თქმით, შეუძლიათ პოზნერს აფხაზეთში უჩვენონ „ჭეშმარიტი კავკასიური კულტურა და სტუმართმოყვარეობა“.

სხვა მიზეზებთან ერთად, ვლადიმირ პოზნერის თბილისში ყოფნით გამოწვეული სამოქალაქო პროტესტი უკავშირდებოდა ფრაზას, რომელიც რუსული პირველი არხის ჟურნალისტმა 2010 წელს ინტერვიუში თქვა, 2008 წლის აგვისტოს ომზე საუბრისას. “აფხაზეთი აღარასოდეს იქნება საქართველოს ნაწილი”.

რუსეთის პირველი არხის ტელეწამყვანი ვლადიმირ პოზნერი, რომელიც 1 აპრილს 87 წლის გახდა, თბილისში გეგმავდა დაბადების დღის აღნიშვნას. რუსი ტელეწამყვანის ვიზიტის გამო წუხელ საპროტესტო აქციები გამართეს სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა. მათი განცხადებით, პოზნერი კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთი სახე და საქართველოს და უკრაინის ოკუპაციის და ანექსიის აქტიური მხარდამჭერია და მას საქართველოს ტერიტორიაზე არ უნდა უშვებდნენ.

მსგავსი თემები